freed0m შემოდი ერთი წამით ?

freed0m შემოდი ერთი წამით ?

კითხვა N808995 0 პასუხი დასაწყისში, უნდა ავღნიშნოთ, რომ ვაჟას ყოველი გმირი - გმირია ამ სიტყვის ლიტერატურული და რეალური მნიშვნელობით. გმირი სოციალურად ფასეული ის პიროვნებაა, რომელსაც „მთელი თავისი საზოგადოებაში განფენილობის მიუხედავად, სრულიად ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, რომლის დანაკლისი აუნაზღაურებელია, არათუ კონკრეტული საზოგადოების, არამედ მთელი სამყაროს მიერაც კი“.4 ვაჟას გმირების განუმეორებლობა იმდენად ურყევი ჭეშმარიტებაა, რომ მათ მიერ განსახიერებულ ბრძოლის მოტივს მათი სახელის მიხედვითაც ასათაურებენ.5 ეს გმირები ტრაგიკული პიროვნებები არიან. გმირის ტრაგედიის მიზეზს ჰეგელი „ტრაგიკულ ბრალს“ უწოდებს, რაც მის მიერ ჩადენილ ქმდებებში მდგომარეობს. ამ ქმედებათა მოტივაცია კი ლიტერატურის ისტორიის მანძილზე გარემო პირობებიდან ნელ-ნელა გადაინაცვლებს პიროვნების შიგნით. ამდენად, მხოლოდ მის გარეგნულ აქტიურ ძალებში კი არ გამოიხატება და მიმდინარეობს ქმნადობის პროცესი, არამედ სულიერშიც. პოემაში მოცემულია ალუდას არა მთლიანი ცხოვრების ისტორია, არამედ მხოლოდ გარკვეული პერიოდი, მომენტი, საიდანაც მწვავედ ვითარდება მისი ტრაგიკული ბედი. ნაწარმოების დასაწყისში ვიცით მხოლოდ, რომ ის „კაი ყმაა“ - თემის რჩეული. ალუდა ქეთელაური პოემაში ახალგაზრდა, ახალწვერულვაშდამშვენებული ჭაბუკი კი არა, დაღვინებული ვაჟკაცია. ვაჟა მას ხევსურ „ახალუხლებს“ უპირისპირებს, რომლებიც „გულს ათრევინებენ გონებას“ და ვაჟკაცს ვერ ცნობენ „მის ვაჟკაცურის რჯულითა“. ნაწარმოების დასაწყისში აღნიშნულია, რომ ალუდას ჭაბუკობაში არა მხოლოდ ზნეობრივად გადამუშავებული, „კარგ ყმური“ ადათებით უცხოვრია, არამედ საზოგადოებაში მიღებულ იმ ჩვევებსაც მიჰყოლია, რომლებიც ასეთად ვერ ჩაითვლება: „ბევრ ქისტს მააჭრა მარჯვენა, - სცადა ფრანგული ფხიანი“. მაგრამ ვაჟა ნაწარმოებს სწორედ იქიდან იწყებს, როცა ალუდა ერთხელ სხვაგვარად მოიქცა და ამ სხვაგვარი საქციელის ჩადენა გულისყურგაღრმავებულ, დაბრძენებულ ბუნებასთან ერთად სხვაგვარმა სიტუაციამაც უკარნახა: შატილის თემის ცხენები ქისტებმა წაასხეს. გუდანის ჯვრის საუკეთესო ყმა - ალუდა იარაღასხმული დაედევნა მათ. ერთი ქისტი გზაშივე მოკლა. მეორესთან ორთაბრძოლა გამართა. ეს ორთაბრძოლა მეტად დინამიკური, შთამბეჭდავი სურათითაა წარმოდგენილი. გუდანის ჯვრისა და მაჰმადის ყმები, თუმცა, ერთმანეთის რჯულის ავად ხსენებაში არიან, მაგრამ ორივეს ემჩნევა ვაჟკაცი მეტოქის მოწონების ფაქტი, რასაც ბრძოლის პროცესი კიდევ უფრო აზარტში შეყავს. ბოლოს ალუდას ტყვია უმტვრევს ქისტს გულის ფიცარს, რომელიც სიკვდილის წინ „ფერს არა ჰკარგავს მგლისასა“. „მგლის ფერი კარგი ვაჟკაცის დასახასიათებლად გამოსაყენებელი შესიტყვებაა ფშაურ პოეზიაში“.6 პირისპირ მებრძოლთა მიერ ურთიერთმოწონებით, ურთიერთპატივისცემით განმსჭვალვის მოტივი ცნობილია ლიტერატურაში. იგი რაინდულ ეპოსიდან იღებს სათავეს, სადაც არაერთი მაგალითია იმისა, როგორ ხდებიან ერთმანეთს შერკინებული ვაჟკაცები შემდეგ ძმადნაფიცები. მაგრამ საქმე ისაა, რომ „ალუდა ქეთელაუში“ ქისტი მუცალი არა მხოლოდ „სხვა რჯულის“ ყმაა, არამედ მომხვდური, სამშობლოს მტერი. გმირისთვის კი პირადი მტერი ისე საძულველი არაა, როგორც ქვეყნისა. მუცალი პირისპირ შემბმამდე მისთვის ერთი მოსისხლე მომხვდურთაგანია, რომელსაც წარბშეუხრელად მოუღებს ბოლოს. მხოლოდ მისი ვაჟკაცობის ხილვის შემდეგ ეუფლება ალუდას მოწონებისა და სიბრალულის გრძნობა. სიბრალული კი იმდენად დიდია, რომ ცრემლსაც დააღვრევინებს, თოფსაც და სხვა საჭურველსაც თავთით დაუდებს და ისე დაიტირებს. აქ ალუდა ქეთელაური პირველად არ ჩადის იმას, რაც ჩვეულებად ჰქონდა მტრის მიმართ და რასაც დაუფიქრებლად აკეთებდა მისი დამარცხების შემდეგ, ვინაიდან გუდანის ჯვრის საყმოში ასე იყო მიღებული - ალუდა მუცალს მარჯვენას არ ჭრის: „მარჯვენას არ ჭრის მუცალსა, იტყოდა “ცოდვა არიო.“ ეს „ცოდვა არიო“ - შეცოდების გამოხატვა კი არ არის უკვე, არამედ ალუდა მართლაც ცოდვად მიიჩნევს კაი ყმისთვის მარჯვენის მოჭრას. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ამგვარი სიტუაცია, ორთაბრძოლა, მისთვის უცხოა. ჯერ არ შეხვედრია ალუდას მუცალისთანა ღირსეული მოწინააღმდეგე, თორემ რასაც აქამდე ალბათ, უყოყმანოდ ჩადიოდა, ის მისთვის ასე უეცრად ცოდვად ვერ იქცეოდა. ქეთელაურმა ამ ჩვევას (და არა სამართლებრივ ნორმას, ადათს) მოგვიანებით სრული იგნორირებაც გაუკეთა, როგორც ქრისტიანი ადამიანისთვის მიუღებელ საქციელს და უაზრო ცრურწმენას. მისი კაცთმოყვარეობა იმდენად დიდია, რომ ურჯულო ქისტს ქრისტიანივით ცხონებულად ახსენებს. პირველ გაოცებას თანამემამულეებში სწორედ მაშინ იწვევს გუდანის ჯვრის კაი ყმა: „რას ამბობ? ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა“ - ეს არის თემის პასუხი პიროვნული შეგნების მქონე ადამიანის ქმედებაზე. გუდანის ჯვარს, ბუნებრივია, ალუდას გარდა, სხვა რჩეულებიც ჰყავდა, რომლებიც ასევე კარგი ყმის სახელით სარგებლობდნენ. ასეთები, ალბათ, იმ „ახალუხლებშიც“ ერივნენ, რომელთაც „ავად შაჰხედნეს ალუდას“. მაგრამ სულ სხვაა ალუდა, იგი სულით კაი ყმაა, სულით რაინდი. ალუდა ქეთელაური სხვებივით მიღებული წესებით, სქემებით კი არ მოქმედებს, არამედ ეს ქმდებანი მთელი მისი შინაგანი ბუნების გამოხატულებაა. მისი პიროვნება სწორედ მაშინ გამოვლინდა, როცა პირველივე შესაფერის შემთხვევში დაფიქრდა: „რადა, რისთვის?“ ვაჟას თქმით, „ეს ნიშანია ადამინაის კეთილგონიერებისა. სწორედ ამისთანა ფიქრების ბრალია კაცობრიობის წინსვლა“ („ფიქრები“).7 ალუდამ თავისი ცხოვრების ავ-კარგს საღი თვალით შეხედა და შეინანა ადრე ჩადენილი არაზნეობრივ-არაქრისტიანული ქმედებანი. ალუდას სინანულის გრძნობაზე მეტყველებს პოემის მთელი სიღმისეული პლანი, რომელიც იმ ფიქრებით იწყება, შატილში მობრუნებული ალუდა რომ შეუღონებია და „პირს დასწოლია ნისლები“, შემდეგ კი მისი სიზმრით გრძელდება. „ახლა მე ვხარობ არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანდით მოსანანიებლად; რამეთუ დანაღვლიანდით ღმერთის გულსითვის“ - ამბობს პავლე მოციქული ამგვარი ნაღველის შესარი ნაღველის შესინთელთა მიმართ. 2.9). შინ დაბრუნებული ალუდას გონებაში უკვე არათუ „ქვეცნობიერად იძვრიან“ (თ. ჩხენკელი)8 ზნეობრივი თვითგამორკვევისკენ წარმართული აზრები, არამედ მის მიერ სრულიად გაცნობიერებულია „სისხლიანი მტერობის“ გაუთავებელი და დაუსაბამო პარპაში დედამიწაზე. ისე, რომ თემში მისული ალუდა სინანულის მწვერვალზე დგას: „ვერ გავიმეტე მუცალი მარჯვენის მოსაჭრელადა, გული გამიწყრა, არა ჰქნა რაც საქნელია ძნელადა: დაე, დააკლდეს სახელსა მე გირჩევნივარ მრჩევლადა.“ მან საკუთარი სახელი - ის, რაც უძვირფასესია კაი ყმისათვის - ვაჟკაცის აღიარების სამსხვერპლოზე მიიტანა. ეგოიზმის, საკუთარი „მეს“ განდიდებისათვის ალუდა ქეთელაურის გულში ადგილი არ რჩება. „სულის თავისა თავისაგან განდგომით მოიხვეჭება სიყვარული“ - ამბობს ისააკ ასური სინანულის სათნოების შესახებ. ალუდა ქეთელაურში სწორედ სინანულით მოგვრილი ის სიყვარულის გრძნობა იღვიძებს მუცალის მიმართ, რომელიც ქრისტეს მცნების შინაარსს შედგენს - „შეიყვარე მტერი შენი, ვითარცა მოყვარსი შენი.“ ალუდა ქეთელაურის პიროვნული აღორძინება თანდათან ვითარდება. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მისი ცხოვრების ყოველი დღე ცხადად წარმოაჩენს მას, როგორც განსხვავებულ პიროვნებას. ალუდა თვისტომთა თვალში უცბად იცვლება, ხოლო პიროვნულად იზრდება სინანულის კვალობაზე, ამჟღავნებს იმ თვისებებს, რომლებიც მასში თავიდანვე უცილობლად იდო და მხოლოდ იმ სიტუაციამ გამოავლინა სრულად, რომელიც ვაჟას საკვანძო საკითხად აქვს აღებული. ვაჟა-ფშაველა „ახალ-ახალი ამბების გადმოცემას კი არ ეტანება, არამედ ცდილობს, გააღრმავოს უკვე წარმოშობილი სულიერი მდგომარეობა“.9 ალუდას სულიერი მდგომარეობა სრული სიღრმისეული პლანითა და სიმძაფრით წარმოჩნდება ალუდას სიზმარში. ლიტერატურაში სიზმარს ხშირად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოების სახე აქვს და ადამიანის შინაგან, სულიერ სამყაროს გვიხსნის. ალუდა ქეთელაურის სიზმარში მუცალი სწორედ იმგვარად ნატყვიარში ბრძამის ლეგა საფევით ეცხადება, როგორც ორთაბრძოლის ბოლო მომენტიდან ახსოვს. ქისტი ვაჟკაცი ხანჯლის ტარს ჩაუდებს ხელში ხევსურს და ეხვეწება - მომკალიო: „თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი, მე კი წავიდე ქვეყანით, დაძეხით, ხევსურთ შვილები, ლაშქრობით, ხმლების ქნევითა.“ „ვაჟას პოემებში მტრული ტომებისა და საზოგადოების წარმომადენლები ისე განიხილავენ ერთმანეთს, როგორც ერთმანეთის სისხლისა და ხორცის „მჭმამელნი“, რაკი მათთვის მტერი დიაბოლური ანუ დევური საწყისის განმასახიერებელი იყო” - წერს თ. ჩხენკელი.10 ჩვენ ვფიქრობთ, პოემაში მოყვანილი საზოგადოება ფორმაციის უფრო მაღალ ეტაპზე მდგომია, ვიდრე ერთმანეთის „ხორცის მჭამელნი“. კაცის ხორცის ჭამა შურისძიებასთან არი გაიგივებული. რაც შეეხება მტრის, როგორც დევის მოაზრებას, ამასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. იგი არა მხოლოდ ვაჟასთან გვხვდება. „თვით „შუშანიკის წამებაში“ ნახენებია მითოსური პერსონაჟები - დევები. შუშანიკი ეუბნება ვარქენს - მამაშენმა კეთილი ხალხი შემოიკრიბა, შენ კი დევები დაიახლოვეო. შუშანიკი მათში სპარსელებს გულისხმობს“.11 ასე რომ, მტრის დევებისა და ქაჯების სახით მოხსენიება ამ შემთხვევაში წმინდა მხატვრული ხერხია. ალუდა ქეთელაურის სალაშქროდ მზადებას სიზმარში მოჰყვება სწორედ კანიბალური კაცის ხორცის ჭამა მისგან: „დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა, კაცის ხორც იყო წვნიანი, ვსჭამდი, მზარავდა თუმცაღა კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი. „რასა ვსჩადიო? - ვსჯავრობდი, - უმსგავსი, შაჩვენებული!“ „ჭამეო, - რამამ მიძახა, - ნუ ჰხდები გაშტერებული! კიდევ მიმირთვით ალუდას წვენ-ხორცი გაცხელებული!“ მიმატეს კაცის ულვაში წვენ-ხორცი შანელებული. სიზმრით დამტანჯეს, ამით ვარ გუნებააღელვებული.“ თ. ჩხენკელის აზრით, ეს ეპიზოდი, ასევე დიონისური ორგიაზმით აღბეჭდილი ყველა ეპიზოდით, ეხმიანება ლექსს „დევების ქორწილი“. იგი „მითიურ პლანში ღმერთავსილობის შესატყვისია... ალუდას სიზმარში გამოხატულია ზიარების აქტი... ახალ ღმერთთან წინლნაყარი ან ზიარებულია ქეთელაური და ამიტომ ვერ „ცნობს” უგონო ალუდას ხევისბერი“.12 მითოსში დიონისური კულტის დღესასწაულებთან დაკავშირებული კაცის, ხოლო შემდგომ პერიოდში უკვე ცხოველის ხორცთან ზიარება და ამით ღმერთავსილობა ინიციაციის ტოლფასი იყო. ადამიანს სწამდა, რომ ამგვარად ღმერთებისთვის დამახსიათებელ უკვდავებას მოიპოვებდა, ანუ ისეთ თვისებას, რომელიც სინამდვილეში ადამიანს არ ახასიათებდა. იგი არ შეიცავდა პიროვნების თვითგამორკვევის, ადამიანის თვითჩაღრმავების მოტივს, რადგან საზოგადოებრივი ფორმაციის ამ ეტაპზე ადამიანი, თუნდაც გმირი, საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყო და მხოლოდ იმ იდეალს ემსახურებოდა, რასაც საზოგადოება მისგან მოითხოვდა. ალუდა ქეთელაური კი მკვეთრად გამოხატული პიროვნებაა. ამას იგი მუცალთან ორთაბრძოლაში ამჟღავნებს. ხოლო შემდეგ, ახალ-ახალ სიტუაციებში თემის წევრთა და თვით ალუდასთვის ცნაურდება მისი პიროვნების ნამდვილი შინა არსი. ჭეშმარიტი გმირის ყველაზე ოსტატურად ხატვის ხერხი ლიტერატურაში სწორედ ასეთია: „გმირი მკაცრსა და გამუდმებულ ბრძოლაში ხსნის თავის საკუთარი ბუნების ბევრ თვისებებს და მოიპოვებს უვდავებას“.13 სულიერი ჩაღრმავების გზით ამ პიროვნული ძალების, თვისებების გახსნას ემსახურება ალუდა ქეთელაურის სიზმარიც. „იგი არ შეიცავს არც წინასწარმეტყველებას და არც ალუდას წინათგრძნობას ავლენს“,14 არამედ გმირის განცდების ემოციურ მხარეს აძლიერებს, რათა სიზმარმა, ვითარცა ადამიანის გრძნობების გამოვლენის პოტენციურმა წყარომ, მკითხველში გმირის სულიერი მდგომარეობის შესაბამისი რეაქცია გამოიწვიოს. ასე რომ, ამ ეპიზოდში წარმოსახული მითოსური სამყარო მხოლოდ ალუდას სიზმრის ეფექტურად დახატვისათვის გამოყენებული ხერხია და არა ღვთაებრივი ინიციაცია. სხვა რომ არაფერი, მითოსურ ღმერთთან ინიციაციის წყალობით ალუდა ქეთელაური ვერ შეძლებდა „ქრისტიანული ანუ უნივერსალური ღმერთის“ (თ. ჩხენკელი)15 განცდას. ქრისტიანული ზიარება მორწმუნისათვის სიხარულია და არა „მტანჯველი“, „გუნებაამაღელვებელი“ რამ. ალუდას სიზმრისეული განცდები კი სრულიად შეესატყვისება იმ ცნებას, რომელსაც ზიარების წინა ეტაპი - სინანული გამოხატავს. იოანე ოქროპირი ამბობს: „არამედ იყავნ გონებაჲ შენი ყოვლადვე მგლოვიარე და შემუსვრილ“.16 ეს ცნება, ფაქტობრივად, გულისხმობს ადამიანის მიერ თავისი არსებობის მანამდელი წესის გადაფასებას, რაც საკმაოდ მტკივნეულია. „პირველი საქმე სინანულისაჲ არს დაცადებაჲ ბოროტთაგან და სინანული მათთვის, რომელ ვქმნენით ბოროტნი, და მეორე - სინმადბლე ფრიადი“. (იოანე ოქროპირი. სინანულისათვის. 15).17 კაი ყმის შებრალება ალუდას გულში გზას ხსნის იმის შეგნებისაკენ, რომ მაღალზნეობრივი პიროვნებისათვის იმგვარი არაეთიკური სქციელი, როგორიც მკლავის მოჭრაა, მიუღებელია და სინანულის გრძნობა იპყრობს, რაც სიზმარში ცხადდება. ამ სინანულის გზით იგი „მეორედ იშვება“ (იოანე. 3.7), ვითარცა ყოველი მონანიე ქრისტიანი - ამაში გამოიხატება მისი ფერისცვალება. „რაად სწყრებიან ხევსურნი, რადა ტყვრებიან ჯავრითა?! მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოსვჭრი მარჯვენას მაგათ ჯაბრითა“ - ასეთი ახირებით გამოხატა ალუდამ თავისი პიროვნული პრინციპი თემის წინაშე. თუმცა „ჯაბრი“ რომ აქ არაფერ შუაშია, ამას ფრაზის დამოლოებაც მოწმობს: „ვაი ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა!“ ამ ცოდვა-ბრალით შეწუხებული ალუდა წარდგება სწორედ ხატობაზე ხევისბერის წინაშე ფერნაცვალი. თემმა ალუდას ახირება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ალბათ, საერთოდ დაივიწყა, რადგან ფშავში, საზოგადოდ, მიღებულია აზრი, რომ „გმირი ხშირად თემსაც აუხირდება... მაგრამ ეს ხასიათი გმირს უნდა მიუტევოს თემმა, რადგან გმირი ომში, ბრძოლაში გამოსადეგია, მისთვის პატივსაცემი და დასაზოგავი“.18 თემმა გმირს ამგვარ ახირებად ჩაუთვალა ის, რაც სინამდვილეში მისი ღრმა პრინციპების გამოხატულება იყო, სწორედ ამიტომ არც ალუდას მიერ „ცოდვა-ბრალის“ ხსენებას მიაქცია ყურადღება. თემი და ხევისბერი მაშინ აზვავდა გმირის წინაშე, როცა იგი „სარწმუნოებრივ სფეროში შეიჭრა“.19 უფრო სწორად, სარწმუნოების იმ გაქვავებულ დოგმებში, რომელთა ასრულებაც წესად არის და რომელთა მნიშვნელობა მხოლოდ ჭეშმარიტი პიროვნების სულს სწვდება. აქ ალუდას „ახირებას“ ყური აღარ ათხოვეს და მისი პრინციპების გაგებასაც არ ეცადნენ. ალუდა, როგორც ტრაგიკული პიროვნება, მარტოდმარტო და გაუცხოებული აღმოჩნდა თემისგან. იგი ბოლომდე სწორედ ხატობის სცენაში ამჟღავნებს საკუთარ თავს საზოგადოების წინაშე. ამიტომ მისი ეს ფერისცვალება ემსგავსება სახარებისეული ფერისცვალების აქტს. როგორც ქრისტემ გააცხადა თავისი ღვთაებრივი ბუნება მოციქულთა წინაშე, სწორედ იმგვარად გამოამზეურა ალუდამ თავის ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება თანამემამულეთა თვალწინ. თანამემამულეებმა ვერ შეძლეს მათ წინაშე მდგომი ჭეშმარიტი პიროვნების, მათი მხსნელი და მათი მსხვერპლი გმირის შეცნობა. იგი მოღალატედ ჩათვალეს, როცა ხევისბერის უარის შემდეგ თვითონ სცადა „მოუნათლავი გმირისთვის“ მოზვერის დამწყალობება. რისხვით ანთებულმა ხევისბერმა თემიდან მოკვეთა ალუდა ქეთელაური და ნამდვილი გოლგოთა - მოყვასთაგან მოშორება მიუსაჯა. მშობლიური კუთხის გარეშე ცხოვრება ალუდასთვის დიდი ტრაგედიაა, რადგან მისი რაინდული ჩვევები - ღირსება, სიყვარული და ერთგულება სწორედ მასთან არის დაკავშირებული. იგი ქვეყნისა და ხალხის მოწინააღმდეგე კი არ ხდება, ცდილობს, გულით ნაწვდომი ჭეშმარიტება დაამკვიდროს ხალხში, გაქვავებული ადათების საწინააღმდეგოდ. ამაშია ქრისტიანული მსოფლმხედველობით განმსჭვალული გმირის - ალუდას არსი. ასეთი გმირი მხსნელია საზოგადოებისა, რომელიც მის რჩევას მიჰყვება, რაც ძალზე იშვიათად ხდება, რადგან საზოგადოება პიროვნებამდე ვერ მაღლდება. ამაში მდგომარეობს პიროვნების „ტრაგიკული ბრალი“. სწორედ ამიტომ იგი ამასთანავე, „მსხვერპლია სოფლისა“.20 ალუდა ქეთელაურიც მსხვერპლად ეწირება თავის პრინციპებს და იმ გმირთა შორის დგება, „რომლებიც სცილდებიან თემს, ვითარცა ყველაზე კეთილი მტრები მთელს მსოფლიოში“.21 ალუდა ის გმირია, რომლის „ტრაგიკული ბრალი“ მთლიანად პიროვნების შიგნით მოექცა. იგი საკუთარ გოლგოთაზე აატარებს საკუთარ ჯვარს - „შინაგანი სუბიექტურობის პრინციპს“,22 რადგან მკვეთრად გამოეყოფა საზოგადოებას და წინ უსწრებს მის განვითარებას. ამრიგად, პიროვნების ფერისცვალება „ალუდა ქეთელაურში“ მის გადასხვაფერებას, ცვლილებას კი არ გულისხმობს, არამედ პიროვნების ნამდვილი შინაარსის გამომზეურებას, ზნეობრივი სრულყოფისაკენ სწრაფვას გამოხატავს. ალუდა ზეაღმავალი გმირია. ამას იგი სინანულის კვალობაზე ახორციელებს. მისი სიზმარი ამ ზეაღმავლობის უმაღლესი გამოხატულებაა. „ეს არის დიდი სულიერი შეძრწუნების ხატი“.23 შეძრწუნების შემდეგ მიკვლეული მთავარი ჭეშმარიტება კი ქრისტეს მცნებაა - „გიყვარდეს მტერი შენი“...