თემა "ადამიანის გაზეთის სვეტში"?

თემა "ადამიანის გაზეთის სვეტში"?

კითხვა N809012 1 პასუხი ოთარ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით თუ ვინმეს დაგჭირდათ. ადამიანი გაზეთის სვეტში ეკუთვნის ცნობილ მწერალ ოთარ ჭილაძეს, რომელმაც თავისი ორიგინალური ნაწარმოებების წყალობით დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე. თემად აიღო პანამის არხის ზონაში მომხდარი სისხლისმღვრელი შეტაკების დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის ამბავი, იგი მოკლა ერთ-ერთმა თავისიანმა. მიზეზი ის იყო, რომ მან არ ინდომა პატრიოტთა დასჯაში მონაწილება. ნაწარმოები თეთრი ლექსია, მაგრამ მაინც ტოვებს მხატვრული ლექსის უზადო შთაბეჭდილებას. ნაწარმოებში გადმოცემულია მომაკვდავი ჯარისკაცის ფიქრები და განცდები. საუბარს იწყებს იმაზე, რომ ის მარცვალია ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი. მისი გაგებით, ადამიანი სუსტია, რადგან არ იცის, როგორ იმართლოს, ან ვის წინაშე იმართლოს თავი, ამიტომ დაისადგურა სამარადისო წყვდიადმა და დუმილმა, რასაც მოჰყვა, რომ ვერ გაარჩია „ხისგან - სხეული, ქვისგან - სახე, ცისგან - თვალები.“ მწერალი ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანებს საკუთარ თავს ურჩევნიათ სამშობლო და არა მონებს. მონობა მისი აზრით, სულის საჭურისობას ნიშნავს და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას მონაა ისიც. ჯარისკაცი კვდება, საკუთარ სისხლის გუბეში წევს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მისი ეს საქციელი ხიდივით გადებული იქნება დასასჯელებსა და დამსჯელებს შორის. ასეთ პირობებში ახსენდება დედა, წყალი და საყვარელი, ძველი საწოლი. ნანობს, რომ ვერ განიცადა საამო გრძნობა თავისუფლების. მომაკვდავი ამბობს: „ახლა ჩემს ტანში სხედან ტყვიები, როგორც მხეცები ღრმა სოროებში“. დარწმუნებული არაა, რომ მისი განცდები და ფიქრები გაზეთის სვეტში ჩაეტევა, იქ მხოლოდ ზერელედ მომხდარს თუ დაატევენ. გაზეთი უკვალოდ გაქრება, ხოლო მისი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია, სხვისი სიცოცხლის შენარჩუნება. ფიქრის უფლება ყველას აქვს, რადგან სწორედ ფიქრში ირკვევა ცხოვრების ავანჩავანი. რთულია მიხვდე რას ფიქრობს ადამიანი, მაგრამ ფაქტია კეთილსა და ბოროტს ერთად ვერ შეათავსებს. ჯარისკაცი თვლის, რომ „არ შეიძლება უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი, მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი“. ამ აზრით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პანამელ პატრიოტთა თანადგომას და დაგმო ამერიკის ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ძლიერია, ის მართალი არაა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და პანამელებს არავინ გამოექომაგა, გარდა სისხლის გუბეში მომაკვდავი ჯარისკაცისა. ნაწარმოების გმირი კვდება მხოლოდ ერთი იმედით, რომ ბოროტის გვერდით არის კეთილიც, რომ ბოლო ჟამს სიკეთემ და სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო მისი სიკვდილი, მხოლოდ გმირული თანადგომაა პანამელ პატრიოტთა და იმედი აქვს, რომ ეს საქციელი სამაგალითო იქნება სხვათათვის, მათ აზრზე მოიყვანს და გამოაფხიზლებს. სიკვდილის წინ ყველა კითხვას სცემს პასუხს და იმედით აღსავსე ტოვებს წუთისოფელს: „ და როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები. ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები. ამ შეჯახებას მოსდევს ქუხილი, ქუხილს კი - ცეცხლი, რომ ცეცხლის შუქით გზა გაინათოთ წვიმებმა ბნელში. ხოლო წვიმები კლდესაც რეცხავენ და კაცის გულსაც.“ ისტორია კიდევ დიდხანს იდავებს იმაზე, შერაცხოს თუ არა ამერიკელი ჯარისკაცი გმირად, მაგრამ ნათელია, რომ მან სამარადისო ადგილი დაიმკვიდრა ისტორიის ფურცლებზე. ის შევიდა ისტორიაში, არ მომხვდარა. ჩვენზეა დამოკიდებული გმირად ჩავთვლით მას, თუ მოვალეობის არ შემსრულებელ, ჯიუტ კარისკაცად, მაგრამ ყოველთვის გვახსოვდეს თუ ამის განსჯას დავაპირებთ, თავი დავაყენოთ პანამელი პატრიოტების ადგილას. ერთი ნათელია ის სიმართლისა და სიკეთის აღსრულებას შეეწირა, უფრო სწორად შეწირა თავი და ნეტარ არს ის ვინც სიმართლეს შეეწირა.