ვგრძნობ, რომ შურმა შემჭამა

ვგრძნობ, რომ შურმა შემჭამა

კითხვა N1000757 14 პასუხი ფსიქოლოგისთვის არასოდეს მიმიმართავს, მაგრამ ახლა სხვა გზა აღარ მაქვს. იქნებ,დამეხმაროთ. ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ყველას ვუყვარდი, მანებივრებდნენ, თამამი და აქტიური ვიყავი. საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც ნამდვილ ლიდერად მთვლიდნენ. ეს თვისებები რამდენიმე წელი გამყვა. ყველა დიდ პატივს მცემდა. ყურადღების ცენტრში ყოფნას ისე შევეჩვიე, რომ სხვაგვარად ვერც კი წარმომედგინა. მაგრამ თანდათან ყველაფერი შეიცვალა, ისე, რომ ვერაფერი შევამჩნიე. მეექვსე კლასში რომ გადავედი, მოულოდნელად მთელი კლასი განმიდგა. არავინ აღარ მელაპარაკებოდა. თავიდან ვერც კი მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ მერე ყველაფერი ნათელი გახდა – ჩემი ლიდერობა ბავშვებს მობეზრდათ. საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლაში თითქოს სხვა ადამიანი დავბრუნდი, უფრო მომთმენი და თავმდაბალი გავხდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ლიდერობისადმი ლტოლვა ჩემში კვლავ ძლიერი იყო და ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. გავიდა დრო. პარალელურ კლასში ერთი ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი გოგონა სწავლობდა. მასწავლებლებს ის სულ მაგალითად მოჰყავდათ. ამ გარემოებამ ჩემს თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ყველაფერში პირველი არ ვყოფილიყავი. ვცდილობდი, მისთვის მეჯობნა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა – ის ყველაფრით უკეთესი იყო. გარდატეხის ასაკში უკვე კომპლექსები გამიჩნდა. იქიდან მოყოლებული, არც საკუთარი გარეგნობა მომწონს, არც მანერები, ჩემს შესაძლებლობებშიც ეჭვი მეპარება. საკუთარ თავს უნიჭოდ ვთვლი და ამის გამო მეზიზღება. ვგრძნობ, რომ შურმა შემჭამა. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ ჩემს თავს მხოლოდ იმ გოგოს კი არ ვადარებდი, არამედ სხვებსაც და უკვე მეგონა, რომ ყველაზე ცუდი ვიყავი. თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია, თუმცა ბოლოს შემეშინდა. 18 წლის გოგოს მეგობრები არ მყავს, საკუთარ თავში ჩავიკეტე. იშვიათად ვახერხებ, ამხანაგებთან კონტაქტში შევიდე, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. არც ბიჭებთან გამომდის ურთიერთობა. მათ ძალიან უხეში და ამაყი ვგონივარ. ეს კი ჩემი ნიღაბია. მეშინია, თავი არ მოვაბეზრო. ერთხელ ერთ ბიჭს მოვეწონე და პაემანი დამინიშნა, მაგრამ უარი ვუთხარი, შემეშინდა, რომ მალე მიმატოვებდა. გამუდმებით აფორიაქებული ვარ, ვალერიანის წვეთებს ვსვამ და არ მშველის. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ სიცოცხლე აღარ მინდა და ძალიან მეშინია.”