სასტავ ეს არის ჩემი უსაყვარლესი

სასტავ ეს არის ჩემი უსაყვარლესი

კითხვა N981066 0 პასუხი ნამდვილად არავისგან მწყინს კრიტიკა და ასე შემდეგ გეფიცებით, მაგრამ როცა ამას ვწერდი მთელი გული ჩავდე, მთელი ზიზღი, სიყვარული და გთხოვთ რომ თუ არ მოგეწონოთ მხოლოდ ამ მოთხრობაზე მეწყინება მძიმე კრიტიკა, მსუბუქს ავიტან :/ ღამეა, თან ისეთი ბნელი, რომ ასეთი ღამე მას არასოდეს ენახა აქამდე. ის ისეთივე ბნელი არის, როგორც ცხოვრების უღელით გასრესილი და წუთისოფლით გამწარებული კაცის თვალები, რომელშიც არც იმედი და აღაც სიცოცხლის სურვილი მოსჩანს... ასეთ თვალებზე ბნელი არაფერია... ქალაქს ღრუბელი გადმოფენია თავს, ოღონდ არც თეთრი და არც შავი, არამედ ტყვიისფერი... ის ქარს არ მოუტანია და არც წვიმის აორთქლებით შექმნილა, ის ადამიანმა შექმნა როგორც სიკვდილის მომასწავებელი, შემზარავი და საბედისწერო ნიშანი... ეს ღრუბელი გაჟღენთილია დენთით, გადამწვარი შენობების კვამლით და რა საკვირველია შემწვარი ხორცის სუნით... ერთ დროს ცოცხალი და ლამაზი ქალაქი კონსტრუქტორს დამსგავსებია, რომელსაც ორი წლის ბავშვმა რომ კბენით ვერაფერი მოუხერხა, ძირს დაანარცხა მთელი ძალით და მშვენიერი სასახლე ნაწილ-ნაწილებად გაიშალა იატაკზე, შემდეგ კი ესეც არ იკმარა და ფეხითაც გადაუარა ზედ. მოკლედ განადგურებას მხოლოდ ზღვა გადაურჩება, რომელიც ნაღვლიანად უყურებს მის თვალწინ გაზრდილ, აყვავებულ და ახლა ასე სასტიკად განადგურებულ ქალაქს... გულმძვინვარედ ბობოქრობს და ალბათ რომ გაბედოს შთანთქავდა კიდეც მთელ ქალაქს, ამ საზარელ სურათს რომ აღარ უყუროს, მაგრამ მისი გადარჩენის იმედი აქვს ... ამაოდ... აბაზანა სავსეა, თბილი წყლით, რომელსაც ქაფის თეთრი საბანი გადაუფარებია და ძლის მისცემია, ადგილზე დგას და ოდნავაც არ ერხევა მანამ სანამ სადმე ახლოს ჭურვი არ გაახალისებს მიჩუმებულ არემარეს. ცხოვრებაში პირველად ის დღეს საცვლით ბანაობს, იმიტომ რომ სირცხვილია... ხომ სირცხვილია რომ ნახონ? იქნებ ჭურვი დაეცეს სწორედ მის სახლს, მაშინ როცა ის აბაზანაშია და შემდეგ მისი გვამი ვინმემ ნახოს, სირცხვილია აბა რა... მაგრამ რაღა აზრი ექნება მისთვის მიცვალებულისთვის სირცხვილი იქნება თუ არა... რა ქნას ქართველია და ესირცხვილება... არ გეგონოთ რომ ის ლაჩარია და საკუთარი ქალაქის დაცვას თავს არიდებს, სახლში დამალულა და აბაზანაში გამოკეტილაო. არა ეს ასე არ არის... იცავდა კიდეც მშობელ ქალაქს, დაუფიქრებლად და უშიშრად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ მაშინ როცა რკინის გრუხუნა მშვიდობისმყოფელი სათამაშოების ეშელონები შემოდიოდნენ ფართე ქუჩებში და რატომღაც ეს კეთილმოსურნენი ანგრევდნენ, ანადგურებდნენ ყველაფერს და ხოცავდნენ მოსახლეობას... არც იმის შეშინებია, რომ საკანალიზაციო მილიდან ამომძვრალიყო როცა ერთ-ერთი სათამაშო ხმაურით თავს გადაუვლიდა და სწრაფად ეტყორცნა მისთვის საჩუქარი, რომელიც მჩუქნელს უფრო ახარებს ვიდრე ადრესატს და ათასფერებში ნათებით ამცნობებს ირგვლივ ყველას რომ ადრესატი ნამდვილად დასაჩუქრდა... უბრალოდ არმიის მთავარსარდლობა მიხვდა, რომ ქალაქი იმ ღამეს ვეღარ გადაიტანდა და სასწრაფოდ მოახდინა ჯარების ევაკუაცია, მაგრამ ერთი მებრძოლი, რომელიც მოხალისედ იყო ჩაწერილი აკლდა ასეულს, თუმცა ამისათვის არავის ცხელოდა. ეხლა კი თბილ აბაზანაში ჩაწოლილი ცდილობს ინებივროს ქალაქის უკანასკნელმა დამცველმა კი არა მსხვერპლმა, თორემ კარგად იცის რომ ისიც განწირულია, ისე როგორც მისი აღმზრდელი ქალაქი... ის მხოლოდ იმაზე დარდობს ამ წუთებში, რომ სიგარეტის ფერფლი, რომელსაც წყალში აფერფლებს ქათქათა ქაფის საბანს ნელ-ნელა ამუქებს და აშავებს. აბა სხვა რაზე უნდა იფიქროს კაცმა როდესაც ქალაქი იბომბება საარტილერიო და საჰაერო ძალებით, სხვაზე როგორ იფიქროს თუ არა ფერფლზე რომელიც წყალს უბინძურებს... უკვე შემაწუხებელია ის გაუჩერებელი გრუხუნი, რომელსაც ათობით ჭურვის ერთად ჩამოვარდნა იწვევს და უკანასკნელი მსხვერპლი ხმამაღლა იცნის და ფიქრობს ,,ნუთუ არ შეეძლოთ შეექმნათ უხმო ჭურვი, რომლითაც ქალაქს ისე დაბომბავდი რომ არავის გააღვიძებდი... თავი ამატკივა ამ ხმაურმა..." ამ დროს კი ახსენდება ის ბიჭები, რომლებიც გმირულად იღუპებოდნენ მის გვერდით ბრძოლებში, მათი სისხლი ერთიმეორის მიყოლებით იღვრებოდა და ქალაქის იმ ქუჩებს რწყავდა რომელზეც წლების წინ მშვიდად დააბიჯებდნენ და ვერც კი წარმოედგინათ, რომ სწორედ აქ და ასე დამთავრდებოდა მათი სიცოცხლე... უსამართლობა და ერის სირხვილია, რომ მათი სახელი არავის გაახსენდეს შეიძლება და უბრალოდ გაქრებიან ისე თითქოს არც არასოდეს ყოფილან, არადა ისინი ყველაფრით სჯობიან ფსევდო პატრიოტებს ეხლა რომ უკვე თვითმფრინავში სხედან და განკარგულებების მიცემას უცხო ქვეყნიდან შეუდგებიან... შიშის გრძნობა იყო ყველაზე დიდი უკანასკნელი გრძნობა ქალაქის უიმედო დამცველის გულში, შიში არა იმისა, რომ მოკლავენ, არამედ შიში დაუფასებლობისა... საკუთარი გმირობის საჩვენებლად და სახელის მოსახვეჭად არც მას უბრძოლია და არც მის მეგობრებს, მაგრამ ერთადერთი რამ რაც შეიძლება ქვეყნის დასაცავად დაღუპუს ესიამონოს ეს უბრალოდ დაფასებაა და მეტი არაფერი, არცერთი ჯარისკაცი არ ითხოვს ძეგლს დედაქალაქის ცენტრში, არა მათ უბრალოდ სურთ, რომ მომავალი თაობის ბავშვებს მშობლები უყვებოდნენ გმირულ ისტორიას მათზე და ამ მაგალითით სამშობლოს სიყვარულისათვის თავდადებას ასწავლიდნენ... არც ის სურთ ყველას სახელი რომ ცალკ-ცაკლე მოიხსენიონ, პირიქით სჯობს ერთად, როგორც ძმები ისე... უბრალოდ არ დაივიწყონ და ერთ დღესაც მათ საფლავებზე სასტუმროს საძირკველი არავის ჩააყრევინონ... ნუთუ ეს ბევრია მათი გმირობის სანაცვლოდ... უკანასკნელად ჩაისუნთქა ფილტვებმა მხუთავი, მავნე, მაგრამ სასიამოვნო სიგარეტის ბოლი, როცა აფეთქების ხმა ზედმეტად ახლოს გაისმა, იგრძნო სხეულმა მისი ნაზი შეხება და დარტყმის სიმძლავრისგან ლამის გადმოვარდა აბაზანიდან... მთელ ტანში გაიარა ნეტარების წამიერმა გრძნობამ, რომლითაც ნიკოტინი მიფარფატებდა სისხლძარღვებში, ამას დაემატა სინანული, მონატრება, სიამაყე, სიყვარული, სიძულვილი, სიმამაცე, სიხარული, პატრიოტიზმი, ყველა ერთმანეთში აირია ერთ წამში, ერთ მუშტად შეიკრა და მომაკვდინებელი ძალით, გრუხუნით გაიშალა გონებაში... ნელ-ნელა ბნელი ღამე უფრო ჩაბნელდა, წყლის სითბომ სხეულის სიცივეს ვეღარ სძლია და სიგარეტიც ჰაეროვნად ჩაეშვა სანატრელ, მაგრამ უკვე შავ ქაფში...