• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

დამეხმარეთ რა ძალიაანნ მჭირდება :XX ხვალისთვის რომ არ მეწეროს მომკლავენ ://

გთხოოვთ დამეხმარეთ რაა.. "ბედი ქართლისა"-ს მეორე კარის შინაარსი დამიწერეთ რა გთხოვთ ♥ კითხვებზე პასუხი მაინც დამაწერიეთ რა :// ამ ორიდან რომელიმე,უფრო შინაარსი მჭირდება :X
4 წლის წინ 14828 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი ლირიკული შემოქმედებაა, მაგრამ მან დაგვიტოვა პოეტური ეპოსის შესანიშნავი ნიმუშიც – “ბედი ქართლისა”, რომელშიც მოცემულია მშობლიური ისტორიის ღრმა მხატვრული შემეცნება. ამ პერიოდში ნ. ბარათაშვილი გაბედულ ნაბიჯს დგამს რეალიზმისაკენ.

    ქართლის ბედს ნიკოლოზ ბარათაშვილი ყრმობიდანვე მძაფრად განიცდიდა. მშობლიური ქვეყნის წარსულის სურათები ადრევე იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს მის პოეტურ წარმოსახვაში. ეროვნული გრძნობის ადრეულ გაღვიძებას ხელს უწყობდა პოეტის აღზრდა პატრიოტულ გარემოში. როგორც აღვნიშნეთ, პოეტის ოჯახში იკრიბებოდნენ ისტორიული პიროვნებანი, რომელთა საუბარი გამოულეველ საზრდოს აწვდიდა ნიჭიერი ბავშვის ფანტაზიას. ყრმა ბარათაშვილი გატაცებით ეწაფებოდა მათ ნაამბობს. ქართლის ბედი და “ომების ღენიის კაცი” მეფე ერეკლე – მათი საუბრის მთავარი თემა იყო.

    ოჯახურ წრეში მიღებული შთაბეჭდილებანი ქართლის ბედის შესახებ კიდევ უფრო გაღრმავდა სასწავლებელში, სადაც ბარათაშვილის გონებრივი აღმზრდელი იყო ღრმა მოაზროვნე და თავდადებული პატრიოტი სოლომონ დოდაშვილი. ბოლოს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბარათაშვილის ისტორიულ ეროვნულ შეხედულებათა ჩამოყალიბება მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ სოციალურ-განმათავისუფლებელ იდეებთან, რომლებიც უკვე 30-იანი წლებიდან გარკვევით შეიმჩნევა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და აზროვნებაში.

    აღნიშნულმა ფაქტორებმა გაამდიდრეს ბარათაშვილის ისტორიული შემეცნება, გააფართოეს მისი წარმოდგენა მშობლიურ წარსულზე და გაუმახვილეს წინასწარი განჭვრეტის გრძნობა. მაღალ განვითარებას მიღწეულმა პოეტის პატრიოტულმა შეგნებამ ბრწყინვალე მხატვრული განსახიერება პოვა პოემაში “ბედი ქართლისა”. ეს შესანიშნავი ეპიკური ტილო ნ. ბარათაშვილმა შექმნა 1839 წელს. თუმცა მასში მე-18 საუკუნის საქართველოს ცხოვრებაა ასახული, მაგრამ პოემა, ამასთანავე, წარმოადგენს 30-40-იანი წლების საქართველოს წინაშე დასმული საჭირბოროტო ეროვნული საკითხების უშუალო პასუხს. თუ რა ძლიერ აღელვებდა ამ პერიოდში “ქართლის ბედი” ჩვენს მოაზროვნე საზოგადოებას და პირველ რიგში თვით ნ. ბარათაშვილს, ეს კარგად ჩანს ერთ ეპიზოდში, რომელსაც პოეტის მეგობარი კონსტ. მამაცაშვილი გადმოგვცემს:

    “მახსოვს, ერთ ივლისის ღამეს, 1838 წელს, მე და ტატო წავედით სასეირნოთ გარეთუბანს (ეხლანდელი გოლოვინის პროსპექტი). ტატო ძალიან მხიარულად იყო და თავისებურად მშვენივრად ხუმრობდა; მერმე ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ და ტრაგიკულს დასასრულზე მე –18 საუკუნისა, მეფის ირაკლის მოხუცებულობის გამო უღონობაზედ, ჩვენის თფილისის წახდენაზედ, 1795 წელსა, 12 სექტემბერს და სხვ. ამ ლაპარაკის დროს ნიკოლოზს, ყოველთვის მოცინარს და მხიარულს, სახე გამოეცვალა, დაიწყო ხელსახოცით ცრემლების წმენდა და აღელვებულმა მითხრა:
    - ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა! –და ოხვრით დაუმატა:
    - ვაი ჩვენო ქართლის ბედო! – დიდხანს დავდიოდით თავჩაღუნულნი და მოწყენილნი”[1].

    ამ ამბის დრამატული ტონი თავიდან ბოლომდე გასდევს ბარათაშვილის პოემას, მაგრამ, ამასთან, მისი შესანიშნავი პოეტური ეპოსის სტრიქონები გამთბარია ეროვნული ოპტიმიზმის გრძნობით.

    ქართლის ბედის დიდი მოზარე (ვაჟა -ფშაველას გამოთქმა რომ ვიხმაროთ) თავის პოემაში “ბედი ქართლისა” გვაჩვენებს ჩვენი ხალხის გმირულ ნებისყოფას, ქართველი კაცის მომხიბვლელ ხასიათს, საქართველოს მთების, მდინარეებისა და მდელოთა მშვენიერებას. თუ ღრმად ჩავუკვირდებით ამ პოემას, მასში დავინახავთ მთელ საქართველოს.

    პოემაში “ბედი ქართლისა” შესანიშნავია არა მარტო ისტორიული ამბის თხრობა, არამედ ქართველი ხალხის აქტიური სულის ჩვენება და ის დიდი ეროვნულ-საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც თხზულების შინაგან ღერძად გვევლინება.

    პოემაში “ბედი ქართლისა” ასახულია საქართველოს გმირული წარსულის დაუვიწყარი მოვლენა – კრწანისის ბრძოლა, რომელიც გადაიხადა ერეკლე მეორემ თბილისის კარებთან 1795 წელს. ნ. ბარათაშვილი მაღალმხატვრული ოსტატობით გვისურათებს ქართველი ხალხის ისტორიის ამ ტრაგიზმით აღსავსე ამბავს. პოემის პირველივე სტრიქონებიდან ჩვენ გვესმის ერეკლე მეორის შთამაგონებელი ხმა. ეს არის მხცოვანი გმირი მეფის მხურვალე ლოცვა ომის წინ, რასაც მალე ცვლის მისი გამამხნევებელი დარიგება ქართველი ჯარის მიმათ:

    “ხედავთ, ვითარის კადნიერებით
    შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!
    საქართველოს დღეს გარდაუწყდება
    თავისი ბედი და უბედობა!
    დღეს ეჭირება მამულს მხნეობა!
    დღეს მეცა თქვენში ვარ მეორმარი,
    ვითა თქვენგანი ერთი მხედარი:
    დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
    ვის უფრო გვიყვარს ძმანო მამული”!

    ნ. ბარათაშვილს ექსპრესიით აქვს გადმოცემული ქართველი მხედრების უთანასწორო ბრძოლა კრწანისის ველზე აღა-მაჰმად- ხანის ურიცხვ ურდოებთან. ეს არის ბატალური ბუტაფორია. ომის ქარცეცხლი, ნაღარის ხმა, აბჯრის მსხვრევა, სისხლით შეღებილი მტკვარი რეალისტური ცხოველმყოფელობით აქვს დახატული ავტორს. პოემის ფურცლებზე ჩვენ ცოცხლად ვხედავთ პატარა კახს, რომელიც თავისი მაგალითით “შთაუდგამდა სულს ვაჟკაცობას” ქართულ ჯარს; პოემაში ცოცხლდებიან ისტორიული გმირები კრწანისის ველისა – “თამაზ ენისენთ მოურავის ძე და იოანე, კახთ აბაშიძე”, ამ პირველ ბრძოლაში ივერთ ლაშქარს შეუმუსრავს მტერი, მაგრამ:

    …რა მეფე ჯარსა უყურებს,
    მას გამარჯვება არღა ახარებს:
    ძვირად ადუჯდა იგი ირაკლის!
    მრავალთ ყმაწვილ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
    დასდვეს აქ თავი მამულისათვის!
    აწ საფლავიცა არსად ჩანს მათთვის;
    ჰაერში განჰქრა მათი სახელი
    და არსად ჟამთა მოწამე ძეგლი
    არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა;
    დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..

    ეს დუმილი პირველმა თვით ბარათაშვილმა დაარღვია, როცა კრწანისის გმირებს თავისი დიდებული პოემით ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. “ბედი ქართლისას” ავტორს ჰქონდა უფლება დაემშვიდებინა გმირთა აჩრდილები:

    მაგრამ, ჰოი გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
    თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:
    რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
    საშვილიშვილოდ გარდაეცემის.

    ვერც ქართველი ვაჟკაცების უზენაესი გმირობა და ვერც ზღუდენი ნარიყალისა ვერ აღუდგნენ აღა-მაჰმად-ხანის ურიცხვ ურდოებს. პოემის პირველი კარის დასასრულს ჩვენ ვეცნობით თბილისში შემოჭრილ ირანის მრისხანე შაჰს, რომელიც ეძიებს მას, “ვინც მის ხელმწიფეობას ძალას ართმევდა”.

    პოემის დედააზრი გაშლილია მეორე კარში. აქ მკითხველი მოისმენს ღრმა ისტორიული მნიშვნელობის პაექრობას ქართლის ბედის შესახებ. ნ. ბარათაშვილი წარმოგვიდგენს წარსულის სურათს, ძლიერი დრამატიზმით აღჭურვილს. ამ ამაღლებულ ისტორიულ სურათს პოეტი სვამს მშობლიური ბუნების დიდებულ ჩარჩოში. თანდათან, შეუმცდარი მხატვრული ტაქტით, პოემის ფურცლებზე რომანტიკულ ტონებს სცვლის რეალისტური თხრობა. არაგვზე გადამდგარ ჩარდახში გამოჩნდება ორი დიდებული ადამიანი, ერეკლე მეფე და მისი მსაჯული, რომელთა მჭმუნვარე სახეებს ანათებს ჩამავალი მზის სხივები. მღელვარებით მოელით ამ ისტორიულ პიროვნებათა საუბარს. მდუმარებას არღვევს მეფე ერეკლე. იწყება ინტიმური, მაგრამ დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თათბირი: “ირაკლი და მისი მსაჯული, მამულისათვის გულმტკივნეულნი, ქართლისა ბედსა განსამართლებნენ”.

    ერეკლე მეორე დიდი სიბრძნით უშლის თვალწინ სოლომონ მსაჯულს ქართლის ცხოვრების ტრაგიკულ ვითარებას, შინაგან ქიშპობას, გარეშე მტრების –სპარსთა, ოსმალთა და ლეკთა მძვინვარებას. მეფე შეურყეველი მაგალითებით უსაბუთებს თავის ერთგულ მსაჯულს სახელმწიფო კრიზისს და ამცნობს თავის გადაწყვეტილებას:

    აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
    კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო:
    აწ განთქმულია რუსთა სახელი,
    ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,
    დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
    მტკიცე კავშირი,- სარწმუნოება,-
    მას მსურს რომ მივცე მემკვიდრეობა,
    და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!

    ბრძენი მეფე ღრმად სწვდება როგორც თავისი ქვეყნის, ისე მეზობელ სახელმწიფოთა განვითარების კანონზომიერებას და დიდი დიპლომატიური მოაზროვნის გონებით განჭვრეტს არა მარტო აწმყოს, არამედ ისტორიულ პერსპექტივასაც. იგი სოლომონ ლეონიძეს უსახავს მომავლის სურათს:

    ნუ დაივიწყებ…
    რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
    ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!

    ბრძენი მეფის გადაწყვეტილებას წინა აღუდგება მისი მრჩევლის ნებისყოფა. სოლომონ ლეონიძე პატრიოტული გზნებით ეპაექრება მეფეს, რომ თავისუფლების “განსყიდვა” უდიდესი ეროვნული უბედურებაა:

    ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან
    და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
    “განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
    ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
    არად მიაჩნით უბედურება,
    თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!”

    ერეკლე მეორე უსაბუთებს აღელვებულ პატრიოტს, რომ მეფის გადაწყვეტილება თავისუფლების ღალატი კი არ არის, არამედ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიულად გარდაუვალი ფაქტის შემეცნების ნაყოფია, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა, ისტორიული აუცილებლობით ნაკარნახევი; ერთს მივყავართ სრული ეროვნული კატასტროფისაკენ, მეორეს – თავისუფლების დროებით დაკარგვით – ეროვნული სიცოცხლის შენარჩუნებისაკენ. ამ მეორე გზაზე ისახება ისტორიული პერსპექტივა საქართველოს მოქცევისა ახალი, პროგრესული განვითარების ორბიტში.

    სოლომონ ლეონიძის თავისუფლების აპოლოგიას მეფე პასუხობს:

    მე ეგ ყოველივ არ ვიცი განა?
    მაგრამ კეთილთა დღეთა თვის ქართლის,
    რა მოვაგვარო უმჯობეს ამის?
    მაგრამ აბა სთქვი, ქართველთა რა ყონ
    ამ უბედობის და დარღვევის დროს?

    მეფე ერეკლე და სოლომონ მსაჯული – მე-18 საუკუნის ეს ორი დიდი ნებისყოფის ადამიანი, მტკიცედ რჩება საკუთარ აზრზე. ისტორიული დიალოგი მთავრდება და მთვარის შუქზე ჩვენ ვხედავთ დაღონებულ და ფიქრებით მოცულ პატარა კახს:

    ამ დროს აღმოხდა ბადრი მთვარე
    და სიამითა მოფინა არე.
    ცამ მოჭედილმა ვარსკვლავებითა,
    მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა,
    და მთვარის შუქზე არაგვის წყალთა
    თავისუფლებით ჩამომჩხრიალთა,
    გულს აუშალეს დარდები ბატონს,
    ოხვრა დამართეს, ვით კაცსა ლიტონს;
    მას მოაგონდა დრო ყმაწვილობის,
    განტარებული თვისთა კახთ შორის,
    როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის,
    დრო ჰქონდა ჟამი უზრუნველობის,
    და საყვარელი კახეთის გმირი
    იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!
    დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად,
    დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად.

    ერეკლე მეფის წინ სისწრაფით გაიქროლა მისი ჭაბუკობის წლებმა, განვლილი ბრძოლების სურათებმა, გამარჯვების სახალხო ღრეობამ, როცა მეფე სიმაყით შემოდიოდა ხოლმე თბილისის კარებში. უეცრად, თითქოს ერთად აჟღერდაო სამეფო მეჯლისის საკრავების ტრიუმფალური ხმები და ოცნებაში წარსული პატარა კახი გამოფხიზლდა. მან ჩვეული სიმტკიცით გასცა განკარგულება, რათა სოლომონ ლეონიძეს თბილისში შესახვედრი მზადება დაეწყო, თვითონ კი გაეშურა კახეთისაკენ.

    პოემის ახალ ნაწილში ავტორი სოლომონ მსაჯულს მარტოდ ტოვებს მკითხველთან. სოლომონ ლეონიძე, რომელსაც ვხედავთ ქსნის ხეობაში, გზად ოჯახის მოსანახულებლად მიმავალს, ღრმა ფიქრებს შეუპყრია. იგი თავის თავს ესაუბრება. მისი მსჯელობიდან განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს შეხედულება სახელმწიფოებრივი ცხოვრების ფორმაზე. აქ პოეტი სოლომონ ლეონიძეს გამოათქმევინებს საკუთარ პროგრესულ კონცეფციას რესპუბლიკურ – კონსტიტუციური წყობილების შესახებ:

    მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
    ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
    და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
    განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
    და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
    ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
    მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება
    სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
    მისდევდე შენსა გულისკვეთებას
    და უთრგუნვიდე თავისუფლებას?
    შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება,
    რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,
    და რად ივიწყებ, რომე მარადის
    ერსა ეკუთვნის გულის თქმა მეფის!..

    ისტორიული მასალებით არ მტკიცდება სოლომონ ლეონიძის რესპუბლიკური მისწრაფებანი. პოეტმა ისტორიულ პიროვნებას შთაბერა მოწინავე იდეა საკუთარი ეპოქისა. უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციურ- რესპუბლიკური იდეები სრულიად არ იყო უცხო ბარათაშვილის ლიტერატურულ- იდეური გარემოსათვის. სოლომონ ლეონიძის ზემოთ მოყვანილი სიტყვები, რომლებშიც იხატება სიმპათიები რესპუბლიკურ-სახელმწიფოებრივი ფორმისადმი, გვარწმუნებს, რომ ნ. ბარათაშვილი ახლო იცნობდა მისი დროის განმათავისუფლებელ მოძრაობას და თავის ეროვნულ შეგნებას ანაყოფიერებდა დეკაბრისტულიპროგრესული სოციალური იდეებით.

    სოლომონ ლეონიძის ფიქრის განვითარება წყდება საკუთარი სახლის ზღურბლთან. იშლება პოემის ახალი ფურცელი. პოემის გმირთა შორის ღირსეულ ადგილს იჭერს ქართველი ქალი – მეუღლე ლეონიძისა:

    წინ მოეგება მას თავის ცოლი,
    სათნო სოფიო, სულისა ტოლი;
    ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა,
    შვენიერება, გულკეთილობა.

    სოფიოს სახის ეს მკრთალი მონახაზი თანდათანობით ცხოველდება ჩვენს თვალში და ისტორიულ სურათად იქცევა, როცა ვეცნობით სოფიოს საუბარს, მის მხურვალე პატრიოტულ გრძნობებს:

    ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი,
    მამულს ასული, ახლა თქვენგვარი?

    ბარათაშვილამდე ახალ ქართულ ლიტერატურაში არავის გამოუხატავს ასეთი მძლე პოეტური აღმაფრენა და სიყვარული ქართველი დედის მიმართ, მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ შეძლო მაღალმხატვრული განზოგადება მიეცა ქართველი ქალის იდეალისათვის და გამოხმაურებოდა “ქართლის ბედის” ავტორს. ილია ჭავჭავაძის “ქართლის დედა” ბარათაშვილის პოეზიის გამოძახილია 60 –იანი წლების უღელტეხილზე.

    სოლომონ ლეონიძის და მისი ცოლის საუბრით არ მთავრდება პოემის ეპიკური თხრობა. მისი შინაგანი მხატვრული რკალი მაღალი ოსტატობით არის შეკრული. დიდებულ ისტორიულ სახეს, რომლითაც იხსნება პოემის შესავალი, ჩვენ ვხედავთ თხზულების ფინალშიაც; საქართველოს სახელოვანი მეფე თვალცრემლიანი დაჰყურებს თბილისს:

    პლატონი მისნი გარდმონგრეულან,
    სახლნი – სამშობლო დანაცრებულან!

    მხოლოდ მტკვრის მწუხარე ხმიანობა არღვევს იავარქმნილი დედაქალაქის მდუმარებას. ამ ტრაგიკული სურათის შთაბეჭდილება ვერ გვავიწყებს პოემის უკანასკნელ სტროფებში გადმოცემული მოკლე ისტორიული ქრონიკა ერეკლე მეფის ახალი ომებისა. ეს თითქოს იმიტომ დასჭირდა პოეტს, რომ უკანასკნელად კიდევ მოეგონებინა მკითხველისათვის პატარა კახის ისტორიული გეზის განუხრელობა და პოემის დედააზრი დაედასტურებინა:

    დიდი ხანია გულს ირაკლისა
    გადუწყვეტია ბედი ქართლისა!

    სოლომონ ლეონიძე აღელვებული აცნობს თავის მეუღლეს მეფის განზრახვას და ამასთან დაკავშირებულ მომავალს საგანგებოდ წარმტაც ფერებში უხატავს გამოსაცდელად. მაგრამ სოფიო მტკიცედ იცავს ეროვნული თავისუფლებისადმი სიყვარულს:

    უწინმც დღე კი დამელევა მე!
    უცხოობაში რაა სიამე,
    სადაცა ვერ ვის იკარებს სული
    და არს უთვისო, დაობლებული?
    რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
    გალიაშია დატყვევებული?
    და ველად იგი, ამხანაგთ შორის,
    ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
    ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
    თუ მოაკლდება თავისუფლება?

    გამოჩენილი ქართველი პატრიოტის მეუღლე მაღალი სულიერი თვისებების ქალად გვეხატება. სოფიოსათვის არ არსებობს თავისი ქვეყნის სიყვარულზე აღმატებული ბედნიერება, მისთვის წმიდათა წმიდაა სამშობლოს თავისუფლება, რომელსაც არ გაცვლის არავითარ დიდებაზე. პოეტი შენატრის სოფიოს მსგავს ძველ ქართველ დედებს და აღტაცებული მიმართავს მათ კეთილშობილ აჩრდილებს:

    ჰოი დედანო, მარად ნეტარნო,
    კურთხევა თქვენდა ტკბილ სახსოვარნო!
    რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
    სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?

    * * *
    ნ. ბარათაშვილი კარგად იცნობდა მდიდარ მშობლიურ წარსულს. საკმაოა მოვიგონოთ, რომ, გადმოცემის მიხედვით, ზემოთ განხილულ თხზულებაზე ადრე მას დაუწერია ისტორიული პოემა “ივერიელნი”, რომელზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი. ეს პოემა დაკარგულად ითვლება. რაც შეეხება კრწანისის ბრძოლას, პოეტს ეს ისტორიული ამბავი ცოცხალ მოწმეთაგან ჰქონია მოსმენილი. ბარათაშვილის ოჯახის ახლობლები არა მარტო გარდასულ დროთა უბრალო მომსწრენი იყვნენ, არამედ ისტორიული ინტერესებით აღჭურვილი ადამიანებიც. საკმაოა ამ მხრივ დავასახელოთ პოეტის მამის მეგობრები – მეითარ თარხნიშვილი, ერეკლე მეორის კარის მწერალი ეგნატე იოსელიანი, რომელსაც მეფისაგან მინდობილი ჰქონდა კრწანისის ომში თბილისის ვაჭართა წრის ღალატის გამორკვევა, დიდედა ხორეშანი – ერეკლეს შვილიშვილი, ბატონიშვილი თეკლე და სხვანი, რომლებიც პოეტის ფანტაზიას ადრევე ამდიდრებდნენ ახლო წარსულის თხრობით. ნ. ბარათაშვილის მეგობრის, ვახტანგ ორბელიანის, პოეტური სტრიქონები სრულიად გვამცნობენ იმ დროის ოჯახურ და საზოგადოებრივ გარემოს:

    სული მიკვნესის, გული ჩემი მწარედ ღონდება,
    რა საქართველოს მწარე ბედი მომაგონდება;
    რა მაგონდება, რასაც დედა ნორჩს მომითხრობდა.
    ის ჟამი იყო, საქართველოს სული ხდებოდა…
    აჰა, ირაკლი, გმირთა გმირი, კახი პატარა
    … იბრძვის მთა –ბარში, წინ და უკან, იბრძვის
    ზედ მტკვარზედ,
    … მტერთა დროშებით მოცულია ქალაქის კარი.

    თავის ეპიკურ თხზულებაში “ბედი ქართლისა” ნ. ბარათაშვილი იჩენს ისტორიული ფაქტების სწორი შემეცნების უნარს. ეროვნული წარსულის მოვლენათა მრავალფეროვნებაში ბარათაშვილი რეალისტი შემოქმედის ინტუიციით არჩევს ტიპიურს და აძლევს მას ბრწყინვალე პოეტურ განზოგადებას. ამით ბარათაშვილი თავის პოემაში აღწევს მხატვრულ ლაპიდარობას. პოეტი ახერხებს რამდენიმე მონახაზით გვაჩვენოს კრწანისის ბრძოლის სურათი, ხოლო სხვა ამბების ლაკონიური გადმოცემით და ბრწყინვალე ისტორიული ტიპაჟის შექმნით პოემაში აღბეჭდილია მთელი ეპოქის სული.

    ერეკლე მეორე პოემაში ეროვნული შარვანდედით მოსილი გვევლინება: პოემის ფურცლებზე პატარა კახი განსახიერებულია სწორედ ისე, როგორც იგი არსებობს ქართველი ხალხის წარმოდგენაში: ბრძენი მეფე, სახალხო გმირი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. ბარათაშვილი გვიჩვენებს მეფე ერეკლეს თავისი მხედრული სტიქიის გამოვლინების მომენტში-ომის ველზე, ჯარის სიყვარულით გარემოცულს და სახელმწიფოს ბედის ბრძნული დიპლომატიური განსჯის დროს. ცნობილია გმირული მომხიბვლელობით აღსავსე ჭაბუკობა პატარა კახისა. პოეტი არ ივიწყებს ამ მნიშვნელოვან მოვლენასაც. ეპიკურ თხრობაში ბარათაშვილი მიმართავს ლირიკულ გადახვევას და მეფის ინტიმურ ოცნებაში აღბეჭდავს მისი ყრმობის წამებას. პოემის უკანასნელი სურათი – ერეკლე მეფის ყრმობის წამებს.

    პოემის უკანასკნელი სურათი – ერეკლე მეფის მწუხარე აჩრდილი თბილისის ნანგრევებზე – სიმბოლური გამოხატულებაა ქართველი ერის ტრაგიკული მდგომარეობისა. ნ. ბარათაშვილის მიერ შექმნილ სახეს დიდი ესთეტიკური და შემეცნებითი ღირებულება აქვს სწორედ იმიტომ, რომ პოეტი თავისი მხატვრული ყურადღების ცენტრში აქცევს ყველაზე ტიპიურსა და ისტორიულად გამართლებულ მოვლენებს, რომლებშიც სრულიად მჟღავნდება მეფური და ადამიანური ღირსებანი პატარა კახისა.

    თავისი ისტორიული პოემის დაწერისას, ზეპირგადმოცემათა გარდა, საფიქრებელია, ნ. ბარათაშვილი სარგებლობდა იმ დროს არსებული ისტორიული თხზულებებით და მემუარებით, რომლებიც, უმთავრესად, ხელნაწერთა სახით ინახებოდა საქართველოს სამეფო კართან დაახლოებულ პირთა ოჯახებში. ამას გვაფიქრებინებს ბარათაშვილის პოემის ზოგი ადგილის სიტყვიერი დამთხვევები, მაგალითად, იოანე ქართველიშვილის მემუარებთან, რომელშიც საინტერესო ცნობებია დაცული კრწანისის ბრძოლის შესახებ.

    გავიხსენოთ “ბედი ქართლისა”-ს სურათი, რომელშიც აღწერილია სპარსელი უზურპატორის აღა- მაჰმად-ხანის მიერ იავარქმნილი თბილისი:

    რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,
    დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე!
    პალატნი მისნი გარდმონგრეულან,
    სახლნი –სამშობლო დანაცრებულან.

    პოემის ეს სტრიქონები თანხვდებიან იოანე ქართველიშვილის მემუარების შემდეგ ადგილს: “აღა-მაჰმად-ხანმა” მოწვა ცეცხლითა პლატანი და სახლნი სამეფონი და სრულიად თბილისი”[41].

    თბილისის კარებთან გადახრილი ამ უთანასწორო ბრძოლის არა ერთი და ორი მომენტი პოეტს ისტორიული სიზუსტით აქვს აღწერილი. პოემის პირველ კარში ომის დაწყების წინ ერეკლე მეორე შემდეგი სიტყვებით მიმართავს ჯარს:

    …საქართველოს დღეს გარდაუწყდება
    თავისი ბედი და უბედობა!
    დღეს ეჭირება მამულს მხნეობა!
    დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,
    ვითა თქვენგანი ერთი მხედარი.

    მართლაც, ისტორიული საბუთით მტკიცდება, რომ მიუხედავად ხანდაზმულობისა, გმირი მეფე არა მარტო მათვარსარდალი იყო, არამედ კრწანისი ბრძოლის შუაცეცხლში იმყოფებოდა. ბრძოლაში უშუალოდ ჩაბმულ მეფეს კრიტიკული მომენტიც კი შეუქმნეს მტრის რაზმებმა –იგი კინაღამ ტყვედ ჩააგდეს; მაგრამ თავგანწირული შვილიშვილების – დავით და იოანე ბატონიშვილების მიშველიებამ იხსნა ერეკლე მეორე განსაცდელისაგან.

    ისტორიული სიზუსტითაა გადმოცემული პოეტის სიტყვებში ბრძოლის პირველი დღის (10 სექტემბრის) შესახებ:

    “ბინდმა გაყარა მებრძოლი მტერი,
    გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი”,

    ერთ პირად წერილში მირიან ბატონიშვილს ერეკლე სწერს: პირველ შებრძოლებაში აღა-მაჰმად-ხანის ურდოებთან ქართველი ჯარი საღამოს ჟამს გამარჯვებული დაბრუნდაო. ქართველების ჯარი თბილისის მისადგომებთან და სეიდაბადის ბაღებში იყო დაბანაკებული, აღა-მაჰმად-ხანისა კი –სოღანლუღში. პირველად ქართველები დაესხმიან თავზე მტერს. პოემაში ეს მომენტიც სინამდვილით არის ასახული:

    შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი;
    ვითა ნადირსა მშიერი ლომი,
    ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი,
    და მტკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი!

    თბილისის კარებთან ჯარისკაცებისაგან შემდგარი მტრის ურიცხვი ურდოები ებრძოდა 5000 ქართველ მეომარს. ამ უთანასწორო ბრძოლაში პირველი დღის გამარჯვება, რასაც დიდძალი ქართველი მამულიშვილი ემსხვერპლა, ეჭვს გარეშეა, არ ახარებდა ერეკლეს:

    მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს,
    მას გამარჯვება არღა ახარებს:
    ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის!
    მრავალთ ყმაწვილთ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
    დასდვეს აქ თავი მამულისათვის!

    პოემაში სიზუსტით არ არის ასახული მხოლოდ კრწანისის ბატალური სცენის ის ეპიზოდი, სადაც ლაპარაკია დამარცხების შემდეგ მეფე ერეკლეს გამაგრებაზე თბილისის ციხეში, რომელიც თითქოს აღა-მაჰმად-ხანის ჯარების მიერ გარშემორტყმული იყო სამ დღეს. პოემის მიხედვით, აღა მაჰმად ხანმა იმედი დაკარგა ციხის აღებისა და უკანვე წასვლას აპირებდა, მაგრამ გამცემლის “ანგართა ხელთა აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენიო”, ამბობს პოეტი. დამარცხებული მეფე თავისი ამალით მთიულეთისაკენ მიეშურება.

    ამჟამად ჩვენ კრწანისის ბრძოლების შესახებ მოგვეპოვება ისტორიული ცნობები, რომლებიც ძირითადში ერთმანეთს ეთანხმება. ცნობა იმის შესახებ, რომ აღა-მაჰმად-ხანი 10 სექტემბრის დამარცხების შემდეგ თავისი ჯარით უკან გაბრუნებას აპირებდა, ისტორიული საბუთით არ დასტურდება. ასეთი ცნობა მოეპოვება მხოლოდ ალ. ორბელიანს, მაგრამ არც ფაქტიური მასალები, არც ისტორიული სიტუაციის ანალიზი საბუთს არ გვაძლევს ამ ცნობას ვენდოთ. საფიქრებელია, მტრის უკან გაბრუნების განზრახვის შესახებ ალ. ორბელიანისა და ნ. ბარათაშვილის ცნობები ერთი და იგივე წყაროდან მომდინარეობს. თვით ალ. ორბელიანს თავისი პირველი ნაშრომი კრწანისის ბრძოლის შესახებ 1844 წელს დაუწერია, ე. ი. ხუთი წლის შემდეგ ბარათაშვილის პოემის დაწერიდან.

    თეიმურაზ ბატონიშვილის შრომა ამავე საკითხზე მას შემდეგ ჩავარდნია ხელში. ცნობილი მემუარისტი არ ეთანხმება თეიმურაზ ბატონიშვილს მთელი რიგი ისტორიული ამბების გადმოცემაში[42].

    ყურადღებას იპყრობს ის, რომ ყველაზე მთავარი სახელმწიფოებრივი საკითხის შესახებ თათბირს ერეკლე მეორესა და სოლომონ ლეონიძეს შორის პოეტი გვიხატავს არაგვის ხეობაში. ეს სურათი პოემაში მნიშვნელოვან კომპოზიციურ ელემენტად იქცევა. იგი შესაძლებლობას აძლევს პოეტს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ორი დიდი სახელმწიფო მოღვაწის თათბირი გადმოგვცეს შთამაგონებელ გარემოში, დაგვიხატოს წარმტაცი სურათები არაგვის ნაპირებისა და შექმნას პატრიოტული განცდის მძაფრი ატმოსფერო, რაც მთელი სიძლიერით აგრძნობინებს მკითხველს პოემაში აღძრულ მთავარ იდეას.

    ისტორიული რეალიზმის ფხიზელი გაგებით არის ბარათაშვილის პოემაში დასურათებული ამბები და ხასიათები. ეს ითქმის ნ. ბარათაშვილის მიერ შექმნილი სოლომონ ლეონიძის მხატვრული სახის შესახებაც, თუ ამ პერსონაჟს მისივე რეალურ-ისტორიულ პიროვნებას შევადარებთ. საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილია ერეკლე მეორის ამ ღირსეული თანამოღვაწის სახელმწიფოებრივი როლი, როგორც საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლისა. ისტორიული თვალსაზრისით, შეუძლებელი იყო უკეთესი პიროვნების მოძებნა მე-18 საუკუნეში, რომელიც ასე სრულად გამოხატავდა იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელსაც სოლომონ ლეონიძე ავითარებს ერეკლე მფესთან პაექრობაში. “მაღალის გონების კაცი, ერთგული ქვეყნისა, დიდი რჩეული და უცთომლად შემმეცნებელი საქმის” . ასე ახასიათებს პლ. იოსელიანი სოლომონ ლეონიძეს. “ვუწოდებ მას,- განაგრძობს ისტორიკოსი,- პატიოსნებისა გამო ფაბრიციოდ ქართველთა, და ვითარცა მტკიცე და შეურყეველი, იქნა ნამდვილ ქართველთა ერისა და ისტორიის კატონად”[2].

    სოლომონ ლეონიძის მაღალპატრიოტულ შეგნებასთან ერთად პოემაში ასახულია მეფის პირადი დამოკიდებულება სახელმწიფო მსაჯულთან. იგი გვეხატება ერეკლეს საყვარელ ადამიანად, მის ერთგულ, უახლოეს სახელმწიფო მრჩეველად. მას მეფე მიმართავს:

    “ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს,
    მსალბუნებიან მე შეწუხებულს;
    აწც ჩემს სულის ტვირთს, ჩემს გულის წადილს,
    შენც გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელს შვილს!

    ისტორიული მასალები სავსებით ადასტურებს ზემოაღნიშნულ მომენტებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის, სიგელი, ბოძებული სოლომონ ლეონიძისათვის 1804 წლის ოქტომბერს. “ბატონის პაპის ჩემის, სანატრელის მეფის ერეკლისაგან,- ვკითხულობთ სიგელში,- შენი სიყვარული ქვეყანაზედ განცხადებული იყო, რომ ერთ-ერთს შვილს შენ ერჩიე, და ბატონყმობის გამოუთქმელი სიყვარული თქვენზე დასრულდებოდა; რადგან მისი მისთანა საყვარელი იყავ და მის სიკვდილს უკან ამაღლებულის მისი ოჯახის დამდაბლებას ვეღარ გაუძელ და ჩვენთან მოსვლა ინებე, ჩვენს სანატრელის პაპის ჩვენის, მეფის ერეკლისაგან, დიდის ჭირნახულობის ჩვენზე ვალი შენ მის სიყვარულზე ასე გარდაგიხადეთ, რომ…საუკუნოდ ყმად ჩვენდა დაგამკვიდრეთ სამეფოსა შინა ჩვენსა იმერეთს და გიბოძეთ… ჩვენი საუფლისწულო კაცხი”…[3]

    საყურადღებო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ ნ. ბარათაშვილის თანამედროვე მემუარისტი ალექსანდრე ორბელიანი, “ბედი ქართლისას” დაწერიდან ორი ათეული წლის შემდეგ ეხება პოემაში სოლომონ ლეონიძის პორტრეტის ისტორიული სიზუსტის საკითხს. ისტორიკოსი წერს: ” ნიკოლოზ მელიტონის-ძე ბარათაშვილი საქართველოს ბედს რომ ლექსათა წერს, სადაც სოლომონ მსაჯული გამოჰყავს მეფის ირაკლის უბნობაში, ის ლექსთმგოსნობა საუცხოუა, მაგრამ ისტორიისათვის კი არ გამოდგება. მანამ აღა-მაჰმად-ხან მოვიდოდა საქართველოზედ, სამი წლის წინად დაუთხოვნია თავისგნით და ძალიან გასწყრომია და აღა-მაჰმად-ხანის შემდგომ ისევ შეურიგებია, სოლომონ მსაჯულის ორი წიგნი მე მაქვს, თვითონ სოლომონ მსაჯულისაგან შავად დაწერილი მეფე ირაკლისთან, დიახ, დიდი მადლობისა, რომ მეფე ირაკლიმ შეირიგა. თავადს ნიკოლდოზს ეს ამბავი რომ სცოდნოდა, იმის დათხოვნაში უფრო საგანგებოს აზრებს გამოხატავდა, მანამ საქართველოში¨[4].ალ. ორბელიანის ცნობა ისტორიულ სიმართლეს შეეფერება. როდესაც პოეტს რომელიმე კონკრეტული ისტორიული მოვლენა ხელს უშლის მხატვრული მონაფიქრის თანმიმდევრობით გადმოცემაში და ტიპიურ განსახიერებაში, ის თვითონ ქმნის, ფანტაზიაზე დაყრდნობით, შესაფერ
    2
    0
  • დავიგალე წერით
    1
    1
  • კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/



    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/




    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/




    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/




    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
13 ქულა
9 ქულა
6 ქულა
6 ქულა
5 ქულა
3 ქულა
2 ქულა
2 ქულა
2 ქულა