ბაში-აჩუკის მეექვსე თავის შინაარსი დამაწერინეთ რაა

ბაში-აჩუკის მეექვსე თავის შინაარსი დამაწერინეთ რაა

კითხვა N998537 0 პასუხი ჩოლოყაშვილმა კარგი ფეხი ვერ მიუტანა სპარსელებს: გადავიდა თუ არა მათკენ, მაშინვე გაჩნდნენ კახეთში სხვადასხვა გუნდები გავარდნილთა და მოსვენებას აღარ აძლევდნენ თათრებს; სადაც კი შეიგულებდნენ და მოასწრებდნენ, სულ მუსრს ადენდნენ, და ისე შეაშინეს, რომ, არათუ სოფლებში ვეღარ დაფარფაშობდნენ ადრინდულად, ციხე-დარბაზშიაც კი შიშის ქარი უქროდათ; და თუ არ სიფრთხილით, გალავნის გარეთაც ვეღარ ჰბედავდნენ ფეხის გადადგმას. შესანიშნავი უფრო ის იყო, რომ მარტო თათრებს კი არა, ქართველებს უფრო სდევნიდნენ, როგორც კი შეატყობდნენ, რომ თათრების მომხრე იყო და იმათი ერთგულები არიანო. ბევრი გამოჩენილი და თათრის სამსახურში დაწინაურებული გამოათხოვეს წუთისოფელს; რამდენიმე თავადაზნაურობის ოჯახი აიკლეს! საბუეში ერთი მღვდელი შეიპყრეს და როგორც ქვეყნის ორგულს, თვალები დასთხარეს: ახლა მაინც ჩაიხედე გობენაში და შეინანეო. ჯანდიერს სახლკარი გადაუწვეს. ამბობდნენ, რომ ჩოლოყაშვილსაც რამდენჯერმე დაესხნენ თავზე, მაგრამ კაცმრავალმა ოჯახმა, როგორც იქნა, მოიგერიაო. იმათი წინააღმდეგობა და მოპირდაპირობა მით უფრო საძნელო შეიქნა, რომ არავინ იცოდა, ვინ იყვნენ, სად იყვნენ და საიდან როგორ მოდიოდნენ. ჩავარდა მთავრობა საგონებელში: „ადგილის კურდღელს ადგილისავე მწევარი თუ დაიჭერს, თვარა უცხო ვერას გახდებაო“, – ჰფიქრობდა ფეიქარ-ხანი და კახელებსავე ეხვეწებოდა, რომ გამოდგომოდნენ იმ უკუღმართებს და მით ერთგულება გაეწიათ ყეენისათვის. გუნებაში, ეგების, ბევრს უნდოდა, მაგრამ ცხადად კი მათი დევნა შიშით ვერავინ გაბედა და ჩოლოყაშვილს მიანდო მთავრობამ, რომელსაც, როგორც თვითონ ამტკიცებდა, „ცდა არ დაუკლია, მაგრამ მაინც ვერა გააწყო რა!“ გუნდები უფრო და უფრო გამრავლდნენ და გავარდნილები გათამამდნენ. გაჭირდა საქმე. ფეიქარ-ხანმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა, და უნდა ეცნობებინა ყეენისათვის, რომ ერთ დღეს არ გამოსცხადებოდა სვინომ მაყაშვილი და არ შეჰპირებოდა: „მე დავამშვიდებ ქვეყანასაო!..“ ეს მაყაშვილი, როგორც გაიძვერა და გაუტანელი კაცი, ყველას სძულდა. თეირანში იყო გამოზრდილი ყმაწვილობიდანვე და ერთს დროს დიდი ადგილიც ეჭირა სასახლის კარზე, მაგრამ ცოტა რამეზე გადაუბრუნდა ფეხი და შერისხული გამოისტუმრეს თავის ქვეყნისაკენ, და მას შემდეგ უმნიშვნელოდ დაეხეტებოდა აქეთ-იქით. დიდკაცობისა და მტარვალობის ნაჩვევეს მოსვენება აღარ ჰქონდა და სულ იმაზე ჰფიქრობდა, თუ როგორ დავიბრუნო ძველი დრო და დიდებაო. თარეშობის დრომ ხელი მოუმართა მის მოუსვენარ სურვილს და ხელმეორედ გამოიყვანა სარბიელზე: მთავრობამ მთავარ მეთვალყურედ დანიშნა. დიდების მაძიებელი და უფლებაშეუსაზღვრელი მოხელეც მაშინვე შეუდგა საქმეს. შეატყობინებდნენ თუ არა მისი ხელქვეითები, რომ ამა და ამ სოფელში თავზე დასხმიან ვისმე და ან ტყუილა გზად გაუვლიათ სადმე გავარდნილებსო, მაშინვე აიკლებდა იმ სოფელს და ააოხრებდა გაუკითხავად. „ბატონო! ჩვენ რას გვერჩით? ძალაც თქვენ ხელშია და სამართალიცაო: „ვინმე მოთარეშეთაგანმა ჩვენ სოფელში გაიაროს, ჩვენ რა ვიცით და რა ჩვენი გადასახადიოაო?“ – ევედრებოდნენ სოფლელები, მაგრამ სადღა იყო გაკითხვა? მით უფრო, რომ მთავრობა უწონებდა მკაცრობას და აგულიანდებდა მტარვალს. ამგვარმა მეცადინეობამ უნაყოფოდ არ ჩაიარა!.. მართალია, მოთარეშეები არა თუ არ გაუწყვეტია, თვალითაც არ უნახავს არავიან მათგანი მთავრობას, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მართლა შეწყდა თარეშობა და გავარდნილების აღარა ისმოდა რა. ეს სამსახური იმდენად მოუწონეს და დაუფასეს მაყაშვილს, რომ ყეენმა გული მოიბრუნა და პირველი ხალათი უბოძა. ყეენის ტახტზე აბრძანების დღეობას იხდიდნენ, ალვანის მინდორი მოჭედილი იყო ხალხით. ერთი მხარე ბამბის კარვებით იყო მოფენილი. ოქროს კარავში კახეთის მმართველი ალი-ყული-ხანი იჯდა და გარს დიდებულები ჰყავდა შემოხვეული. მზე დიდი ხნის ამოსული არ იყო, ასე ორ-სამ შუბის ტარზე თუ იქნებოდა აღმოსავლეთით წინ წამოწეული, რომ მოსაკრავეებმა ქაბული დაუკრეს. ხანი გამოვიდა ამალით და მიმართა საჭიდაოს; ხალხმაც დაიგრიალა და ყოველის მხრით მოატყდა და შემოერტყა ირგვლივ წრეს. იმ დროს ჭიდაობა დიდად მიღებული იყო, როგორც თათრებში, ისე ქართველებშიაც. ფეიქარ-ხანი მოყვარული იყო ფალავნობის და ხშირად ესწრებოდა ხოლმე ჭიდაობაზე. განთქმული ფალავნები ერთმანეთს არ ზოგავდნენ გვარტომობის გაურჩევლად, მაგრამ უფრო ხშირად კი თათრები და ქართველები ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს. თუმცა თათრები ჩვეულებისამებრ ტიტვლები გამოდიოდნენ საჭიდაოდ, ტანზე ქონწასმულები, ასე რომ ხელი აღარსად ეკიდებოდათ, და ქართველები კი საჭიდაო ჩოხით გადიოდნენ, მაგრამ მაინც ხშირად გამარჯვება ამ უკანასკნელებს რჩებოდათ. წინა დღეს კოზმანაშვილმა გალახა თათრების განთქმული მოჭიდავე, ბეჭი ამოუგდო, და ამან ისე შეაწუხა თათრები და თვით ფეიქარ-ხანსაც ისე დასწყვიტა გული, რომ აბდუშაჰილს უბრძანა: „გინდა თუ არა, დაეჭიდეო“. ეს აბდუშაჰილი ერთი უთვისტომო ვინმე იყო, მაგრამ თავის ვაჟკაცობით პირველობა დაერჩინა არდალაში და ფეიქარ-ხანის ცხენოსანი ჯარის მეუფროსობა ეშოვნა. ჭიდაობა თუმცა აღარ ეკადრებოდა, როგორც დიდკაცს, მაგრამ ხანს ხათრი ვეღარ გაუტეხა და შევიდა წრეში წელზევით ტიტველი. ერთი შეხედვით, ჩასხმული, უზარმაზარი, შავი მარმარილოს ქანდაკი ეგონებოდა კაცს. შავი წვერები ტევრად ეყრებოდა გულ-მკერდზე, დიდი ულვაშები აქეთ-იქით ტოტებად სცემდნენ სიგრძისად; დიდროვანი შავი თვალები, სქელი წარბებით გადმოხურულ-დაჩრდილულები, საოცრად ბრიალებდნენ. დაუკრეს საჭიდაო. ატორტმანდა ფალავანი, ჯერ მაღლა აღარპყრო ხელები, ზეცას შეხედა, თითქო გამარჯვება გამოსთხოვაო, მერე დაემხო დაბლა და მიწას სამჯერ აკოცა; წამოდგა ზეზე და კალოს შემოუარა; ცერებზე დგებოდა ყოველი ბიჯის გადადგმაზე და ძალზე ჰაერს ისუნთქავდა, თითქოს სცდილობდა, რომ გულბოყვი გაედიდებია, გაებერა. ერთხელ რომ შემოუარა წრეს, ისევ თავის პირველ ადგილზე გაჩერდა, დაიჩოქა ცალ მუხლზე და იქითკენ დაიწყო ყურება, საიდანაც მოპირდაპირე უნდა შემოსულიყო. უყივლეს მსურველებს, მაგრამ არავინ გამოჩნდა. მეორედ დაუარა კალოს, კიდევ არავინ ჩანდა. – სად არის გუშინდელი თქვენი გამარჯვებული კოზმანაშვილი? – იკითხა ხანმა. – უარზე დგას, ასე ამბობს: „მე ფალავნებს ვეჭიდავები და არა გოლიათებსო“, – მოახსენეს ქართველებმა. – მაშ კარგი, სირცხვილი თქვენიო! – ღიმილით სთქვა ხანმა და უბრძანა მოჭიდავეს მესამედ კიდევ წრეში შენავარდება და ისე გასვლა წრიდან. მოჭიდავემ აასრულა ხანის ბრძანება და მედიდურად დააპირა წრიდან გასვლა. თათრებმა კმაყოფილების ნიშნად წვერებზე მოისვეს ხელი და ულვაშებში ჩაიცინეს. ამ დროს ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: „დაუკარით, დაუკარითო!“ უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა, შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა; უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკივით გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან. – არა, არა! ჯერ არ არის! მაგრე არ იქნებაო! – ჰყვიროდნენ თათრის მომხრეები, გაბრუებული აბდუშაჰილი წამოდგა ზეზე და სთქვა: „მე ჯერ სალამი არ გამეთავებინა და ის ღალატით მომვარდაო“. ძალით გამოათრიეს მეორედ ახალგაზრდა; ის გაჩერდა ერთ ადგილას და აღარ იძროდა. – თათარო, სალამი რომ გაათავო, დამიძახე და მოვალო! – მიაყვირა ფალავანს. იმანაც, ბრაზმორეულმა, კამეჩივით მიაშურა ახალგაზრდას, მაგრამ ის განზე გაუხტა და თათარმა ხელები ჰაერს მოუპოტინა. რამდენჯერმე ჩაუქროლ-ჩამოუქროლა ახალგაზრდამ გოლიათს, მაგრამ ატყუებდა: ხან აქეთ და ხან იქით განზე უხტებოდა, რომ ხელში არ ჩავარდნოდა. მოთმინებიდან გამოსული თათარი წყევლა-კრულვით დასდევდა მოპირდაპირეს; შეურჩია დრო, როგორც იქნა, ახალგაზრდამ, მოავლო ხელი მკლავში, წამოიკიდა ზურგზე, გადიღო კისრულით და უშვა ხელები. აბდუშაჰილი სიგრძისად გაიდღაშა გულაღმა დედამიწაზე… გამარჯვებულმა ცალი ფეხი დაჰკრა ფაშვზე, გადაახტა და გავარდა წრიდან. ხალხმა კიჟინი დასცა. – შაიტან, შაიტან! – დაიძახეს აქეთ-იქით თათრებმა. – ახლა გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი, სულ ერთიაო, – უპასუხებდნენ მხიარულად ქართველები. დაცემული წამოაყენეს და წაიყვანეს გაბრუებული უფრო სირცხვილით, ვიდრე გალახულობით. მოიკითხეს გამარჯვებული, მაგრამ ვერსად ნახეს; მიიმალა ხალხში. ვეღარ გაიგეს, ვინ იყო. ფეიქარ-ხანმა წარბები შეიჭმუხნა და ზეზე წამოდგა, გაბრუნდა ისევ თავის კარვისაკენ. ხალხიც დაიშალა, წავიდ-წამოვიდა აქეთ-იქითკენ. იმ დღეს, მართალია, ხანი გუნებაზე ვერ იყო, მაგრამ მაინც მხიარულად ჩაიარა საერო ლხინმა და შექცევამ. ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, ცოტა წაიძინა დიდკაცობამ და მერე კი, რომ აგრილდა, გამართეს ჯირითი. ცხენოსნები გაიყვნენ ორად და დადგენ გაღმა-გამოღმა მოედნის პირად. ცხენებმა იგრძნეს, კუდები ასწიეს, თავი მოიქანჩეს, ცქმუტავდნენ ერთსა და იმავე ადგილას მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალით. ზურნის ხმა რომ გაისმა, მაშინ კი შეკუნტრუშდნენ და, თუ მხედრებს თავი არ მოექანჩათ მათთვის, გამოიჭრებოდნენ შუა მოედანზე. ახლა კი თავშეკავებულები, ჰბერავდნენ ცხვირის ნესტოებს, ფრთქვინავდნენ, კბილებს უჭერდნენ ლაგამს, ყურებს აცქვეტდნენ და თვალებს აბრიალებდნენ. გამოახტუნა ერთმა მხედართმთავარმა თავისი ყარაბაღული და მოხდენით მიაგდო მოპირდაპირე გუნდზე, გამოიწვია მოწინააღმდეგე და საოცარი სისწრაფით გამოატრიალა ცხენი. უკანამ ჯირითი შესტყორცა, მაგრამ წინამ ჯირითს ჯირითი აუკრა და გადაივლო თავზე. ახლა სხვები გამოვიდნენ, ახლა კიდევ სხვები რიგ-რიგით, ასე რომ წესი არავის დაურღვევია. მშვენიერი სანახავი იყვნენ მხედრები, როცა ისინი შენატყორცი ჯირითის ასაცილებლად ხან მარჯვნით და ხან მარცხნით მანდიკურად გადაეკიდებოდნენ ცხენს და ზოგჯერ მუცელქვეშაც ამოევლებოდნენ ხოლმე. ბედაურებისათვის საჭირო აღარ იყო არც დეზი და არც მათრახი; იმათ თვითონ იცოდნენ, რა დროს რაგვარი მიხვრა-მოხვრა იყო საჭირო. გამეტებით ჯირითის გაგდება დაშლილი იყო; ზოგ მოჯირითეთაგანს ნება არ ჰქონდათ მარჯვენა ხელში აეღოთ ჯირითი და მარცხენათი ათამაშებდნენ. აბდუშაჰილს სულ არ მიუღია იმ ჯირითში მონაწილეობა. გათავდა ჯირითიც. შეერთდა ორივე მხარე, მწკრივად დააყენეს ცხენები ყველამ ერთად, ცოტა შეასვენეს და, დაიჭყივლა თუ არა ზურნამ, მიანებეს თავი ცხენებს და ისინიც ჭიხვინ-ჭიხვინით გავარდნენ ჯეირანივით. ცხენოსნებს უნდა ის მინდორი სიგრძისად გადაეჭრათ, მისულიყვნენ კიდემდე და მერე იქიდან სათითაოდ გამოეჭენებიათ ცხენი, რომ ყაბახი ჩამოეგდოთ. იმ დღეს ყაბახად ოქროს თასი იყო დასმული თვალაუწდომელ ჭადრის წვერზე; თითო ჯირითი ყველამ შესტყორცა, ზოგმა ახლოს მიიყვანა, ზოგმა ხეს გადაავლო თავზე, მაგრამ ვერც ერთმა კი ვერ შეანძრია ნიშანი. ბოლოს წამოვიდა ვიღაც შავცხენოსანი ისეთი სისწრაფით, რომ თითქმის აღარ ჩანდა ცხენზე, შორიდანვე შესტყორცა ჯირითი, ჰკრა შუაგულში და მაღლა შეაგდო. თასი ბზრიალ-ბზრიალით წამოვიდა; მხედარმა მიაგდო ცხენი ხის ძირში, შეაყენა უკანა ფეხებზე და ჰაერშივე მოავლო ხელი თასს, დაბლა აღარ დაუშვა; ჰკრა ქუსლი ცხენს და მიაჭენა იქ, სადაც ქართველი დიდებულები იდგნენ; ვითომ ზრდილობისამებრ დააპირა გადმოხტომა, მაგრამ გაგიჟებული ცხენი ხელს უშლიდა. მაშინ ცხენდაცხენ გაუშვირა თასი ერთ დიდებულთაგანს და დაიყვირა: „ღმერთმა ნუ მოუშალოს გამარჯვება ბატონ მაყაშვილსო!“ სვიმონ მაყაშვილმა წინ რამდენიმე ბიჯი წამოდგა და ჩამოართვა თასი. ამ დროს უცბად ჰაერში რაღაცამ გაიელვა და მაყაშვილი ჯერ ისევ ფეხზე იდგა, რომ თავი მიწაზე კოტრიალებდა. მხედარმა გამოატრიალა ცხენი და უკანვე გაჰქუსლა. შეკრთა დიდი და პატარა! ბოლოს დაიძახეს აქა-იქ: „ჰეი, ბაში-აჩუკია, ბაში-აჩუკიო!“ გამოუყენეს მდევრები, გვიანღა იყო: გარისხდა ფეიქარ-ხანი, გაწყრა მეთვალყურეებზე და ბაში-აჩუკის თავიც ათას ოქროდ დააფასა. თავი მეშვიდე ამ ხანებში არეულობა მოხდა იმერეთში და ქართლის მეფე ვახტანგი, შაჰნავაზად წოდებული, გადაიწვიეს, რომ მისი შვილი არჩილი იმერეთის მეფედ დაესვათ. იმერეთის დიდკაცობა დიდი პატივისცემით და ძღვნით დაუხვდა დიდებულ სტუმარს. სიუხვით ყველას წერეთელმა გადააჭარბა, თუმცა მეფის გული კი აბაშიძემ უფრო მოიგო და ბევრიც არა დახარჯვია რა: მხოლოდ ათი ახალგაზრდა ქალიშვილი, ერთიმეორეზე უმშვენიერესი, მიართვა: „ყეენისათვის საჩუქრად დაგჭიდებაო“. ამ მცირე ძღვნით ისე კმაყოფილი დარჩა მეფე, რომ სხვების განძი ჩალადაც აღარ ჩაუგდია. წერეთელი, როგორც მეტოქე და მოქიშპე აბაშიძისა, ყველაზე უფრო გულნატკენი დარჩა და დაღონდა. კიკო ბაქრაძემ შეურჩია დრო ბატონს და მოახსენა: – თქვენი ქება-დიდება – თქვენი ყმების ქება-დიდებაა, თქვენი ძლევამოსილობა – ჩვენი გამარჯვებაა, და ნუ გვიზამ მისთანა საქმეს, რომ აბაშიძის საყმოს სასაცილო გავხდეთ! მეფე რომ ქართლში გადაბრძანდეს და წერეთელზე აბაშიძე უფრო დიდი პატივით მოიხსენიოს, ეს ჩვენი სიკვდილი იქნება! – მეც მაგას ვწუხვარ, ჩემო კიკო, მაგრამ რა ვქნათ? – მიუგო ბატონმა დაღონებით. – ხარჯი არ დამიკლია, თავი არ დამიზოგავს, სალარო თითქმის დავაცალიერე და მეტი რაღა მექნა? – ჩემო ხელმწიფევ! თუ არ გამიწყრებით, ჩემი უგუნური ჭკუით ისეთ რამეს გირჩევთ, რომ მეფის გულიც თქვენ დაირჩინოთ და აბაშიძის ძღვენიც დაავიწყოთ; ისეთი რამე მიუძღვენით, რომ მართლა გასაკვირველი და საარაკოც იყოს! – თქმა ადვილია, მაგრამ რა გამოვძებოთ მაგისთანა? – ღმერთი მოწყალეა! რახან ლამაზ ქალებზე მივარდა საქმე, არა გვიჭირს რა, ბედი ჩვენკენ არის! მღვიმის მონასტერში ორი დები იზრდებიან, ტყუპის ცალები, ერთი მეორისაგან არ გაირჩევა და არც მათი მსგავსი რამ ნახულა ჯერ ჩვენში. – მერე-და ობლები არიან? უპატრონო? – თითქმის, ჩემო ხელმწიფევ! ჩემს მეტი აღარავინა ჰყავსთ და მე ან ჩემი თავი რად მინდა და ან ისინი, თუ არ თქვენი ჭირის სანაცვლოდ? დედა იმათ არა ჰყავთ და მამა, ერთი ძმა ჰყავდათ და ისიც დაიკარგა, ამდენი ხანია მისი ასავალ-დასავალი აღარა ვიცით რა; მეც ხომ უცოლშვილოდ გადავდივარ, ეს არის, და თქვენს გარდა პატრონი და ჭირისუფალი ვინ ეყოლებათ? გამოიყვანეთ ორივე და მიუძღვენით მეფეს. ისინი სადაც უნდა იყვნენ, სასახლის კარზე, საქრისტიანოში თუ საურჯულოში, მაინც არა უშავთ რა: მათი სილამაზე და მზეთუნახაობა არც ერთს გზას არ დააკარგვინებს. დიდხანს ყოყმანობდა წერეთელი: მისი ნაერთგულარი ბაქარას შვილები დასაკარგავად არ ემეტებოდა, მაგრამ აბაშიძის მეშურნეობამ დარია ხელი; გამოიყვანა ორივე დები და წასვლის დროს მიუძღვნა ვახტანგს. როგორც მეფე, ისე მთელი მისი ამალა გაოცებული იყვნენ ბაქრაძის ქალების სილამაზით, მით უფრო, რომ ერთს მეორისაგან ვერ არჩევდნენ. მეფემ აღარ იცოდა, როგორი მადლი გადაეხადა წერეთლისათვის და დიდძალი ყმა და მამული უბოძა ზემო-ქართლში. თვითონ კმაყოფილი დაბრუნდა ქართლისაკენ და დაიბარა, რომ როგორც ეს ორი მზეთუნახავი, ისე დანარჩენი ათი ქალიშვილიც, თორმეტივე ერთად გამოემგზავრებინათ. მისი ნება ასრულდა, მაგრამ შიგ შუაგულ ქართლში ერთი უცნაური და უჩვეულო რამ მოხდა: მეფის ბარგს დაესხნენ თავზე ავაზაკები მოულოდნელად და თორმეტივე ქალი მოიტაცეს; ნივთეულობისათვის კი ხელი არ უხლიათ. მეფე ვახტანგს რომ მოხსენდა ეს თავხედობა, გარისხდა, ბრძანა გზების გაკვრა, მთელი სამეფო შესძრა, იმერეთშიაც ბევრი ეძებეს, მაგრამ ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ვერა გაიგეს რა. ხალხში ჩუმად კი ლაპარაკობდნენ აქა-იქ: „ეს ბიჭობა, კახეთში რომ გამოჩენილი ბაში-აჩუკია, მისი საქმე უნდა იყოსო“. დიდმა ხანმა გაიარა ამის შემდეგ. ჭიდაობის შემდეგ აბდუშაჰილი თავის ქერქში აღარ იყო; გულში ჩაიდვა ბაში-აჩუკის ჯავრი და სულ მარტოდმარტო აქეთ-იქით დაეხეტებოდა მთელი დღე; უდაბურ ტყეებშიაც კი დადიოდა, რომ ეგებ სადმე წავაწყდე ჩემს მძლეველს, სამაგიერო გადავუხადო და სირცხვილიდან გამოვიდეო. მარტო აბდუშაჰილი არა ჰფიქრობდა ბაში-აჩუკზე, სხვებსაც ბევრს ჰქონდა გატეხილი ძილი, მაგრამ მიზეზი კი სხვადასხვა იყო: პირველს ვაჟკაცური ჟინი აშფოთებდა და სხვებს კი ათასი ოქრო არ ასვენებდა. ამ უკანასკნელებში ყველაზე უფრო მეტად ჰქონდა საღერღელი აშლილი თიმსალ-მაკოს. ეს იყო თელავში მცხოვრები, ტერტერას ქვრივი, ჭკუითა და მოხერხებით განთქმული; უამისოდ არც ჭირი და არც ლხინი არ იქნებოდა, ავშიაც გამოსადეგი იყო და კარგშიაც, და მასთანაც განთქმული მაჭანკალი. ატყდებოდა თუ არა სადმე ახალგაზრდებში ტრფობის ცეცხლი, ეს მაშინვე, თითქოს ტრუსის სუნი ეცაო, იქ გაჩნდებოდა და დაატრიალებდა ჯარას; დიდსა და პატარას ყველას იცნობდა, ყველა ოჯახში შინაური იყო, ყველასათვის საჭირო და გამოსდეგი, მაგრამ არავის არ უყვარდა. გაიგო თუ არა ბაში-აჩუკის თავი ათას ოქროდ დააფასესო, ანგარებამ აიტანა და ამბობდა გუნებაში: „ხუმრობა არ არის ამდენი ფულიო! ჩემი ხერხი და ეს ერთად ქვეყანას, უნდა, წაღმა დაატრიალებენ და უნდა, უკუღმაო. ბაში-აჩუკი როგორმე მე უნდა ჩავიგდო ხელშიო… როგორ შეიძლება, რომ მისი ბინა და ვინაობა ხალხში არავინ იცოდესო? მარტო ის ხომ არ არის გავარდნილი, მასთან ერთად, ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდებიაო? როგორ დავიჯერო, რომ ერთ მათგანს მაინც ვინმე სოფლელებთან დამოკიდებულება არა ჰქონდესო?“ ეს რომ გადასწყვიტა გუნებაში, კიდეც შეუდგა საქმეს: სადაც კი მოჰკრავდა ყურს, ამა და ამ სოფელში ნაძრახი ქალი ვინმე არისო, იმდენს ეცდებოდა, რომ გასცნობოდა და დამეგობრებოდა. ზოგიერთ ოჯახებში ნათელმირონიც კი შეიტანა, მაგრამ ვერას გახდა, ვერა გაიგო რა, მხოლოდ ეს კი აიღო აზრად, რომ, თუ ვინმემ იცის მათი ამბავი, თევდორაანთ მელანომ უნდა იცოდესო და დაუხშირა იმასთან სიარულს. თევდორაანთ მელანო თელავის მახლობლად, ერთ პატარა სოფლის განაპირას, ტყის პირად ცხოვრობდა ორი პატარა შვილით; ქმარი თათრის ჯარში ჰყავდა ჩაფრად შესული, თვითონ ორ-ორ თვეობით თვალით ვერა ხედავდა. სილამაზით ნაქები იყო და, ცოტა არ იყოს, სახელიც გატეხილი ჰქონდა. თიმსალ-მაკომ ერთხელ, სტუმრად რომ მივიდა მასთან, სახეზე უსიამოვნება შეატყო და განგებ იგვიანებდა წასვლას, სანამ მოსალოდნელმა ავდარმა მართლა არ მოასწრო. შეიქნა ერთი ჭექა-ქუხილი და თავსხმა. ასე რომ სტუმარი უნდა დარჩენილიყო მელანოსთან. მასპინძელს შფოთვა თანდათან უფრო ეტყობოდა და ვახშმის მზადებას დაუჩქარა; ხელად გაშალა სუფრა, გვერდში ამოიდგა ერთი დოქი კახური და ზედიზედ უსხამდა სტუმარს, აძალებდა: „დალიე, ღმერთმა შეგარგოს, და ტკბილად დაგეძინებაო!“ თიმსალ-მაკო სიცილით ეუბნებოდა: „ჩემო ნათლიდედავ, ეგ რომ არ დავლიო, ისეც ტკბილად დამეძინებაო. მისთანა წამალს დავაყრი ხოლმე ვახშმად ჩემს საჭმელს, რომ გათენებამდის ზარბაზნებიც რომ თავზე მახალონ, მაშინაც ვერას გავიგებ; მხოლოდ ფერად-ფერადი სიზმრები, თითქო სასუფეველში ვიყო, ისე დამტრიალებს თავსაო; ერთხელ რომ სინჯო, შენც, ჩემი არ იყოს, მერე ხელს ვეღარ აიღებო“. ეს რომ სთქვა, ამოიღო ჯიბიდან პატარა გამოკრული პარკი, გაშალა და ფხვნილი შეჭამანდს მოაყარა: „ხაშხაშისაგან შეზავებული ძილის წამალიაო; შენ კი ვერ გირჩევ, ჩემო ნათლიდედავ, ბალღების პატრონი ხარ და ღამე ბევრჯერ გამოღვიძება დაგჭირდებაო; მე კი, რომ დავეგდები რუმბივით, გათენებამდე ვეღარას გავიგებ, მკვდრის ძილი წამიღებსო“. მოუკრა თავი პარკს და ჩაიდვა ისევ ჯიბეში. ჯერ შუა ჭამამდე არ იყვნენ მისული, რომ თიმსალ-მაკოს მთქნარება დააწყებინა და თვალები მოეპრუწა; ერთი-ორი წამოილუღლუღა გაუგებრად და ჩაჰკიდა თავი… ძილი მოეკიდა; მელანომ ძლივს მიათრია კუთხისკენ, მიაწვინა ლოგინზე და საბანი გადააფარა. სტუმარი გაიშმუშნა, გადაბრუნდა კედლისკენ და ამოუშვა ხვრინი. მელანომ ღიმილით წაიჩურჩულა: „მეორედ მოსვლამდისაც ნუ გამოგღვიძებიაო“ და გამოტრიალდა სუფრისკენ, მაგრამ ალაგების ნაცვლად ხელახლა დაუწყო გაწყობა; მიდგა თაროზე, გადმოიღო იქიდან ცივად მოხარშული დამზადებული დედალი, ყველი, მრგვლად მოხარშული კვერცხები, ხელადით ღვინო, გააწყო სუფრა და ხელ-პირი დაიბანა, თმა დაივარცხნა, წითელი ბაღდადი მოიხვია თავზე და კოპწიაობა დაიწყო. რამდენჯერმე მოიხედა თიმსალ-მაკოსკენ, მაგრამ ის ვერას ხედავდა: პირშექცეული კედლისკენ ეგდო უძრავად და ხვრინავდა. მელანომ მიიტანა თავისი ძველი თავსაფარი და თავზე გადააფარა, გამობრუნდა, დაჯდა ცეცხლთან სამფეხა სკამზე და კარებისკენ იწყო ყურება. დიდხანს აღარ გაუვლია, რომ ეზოში ძაღლმა დაიყეფა და შეუტია ვ დაიწყო; მელანო ზეზე წამოვარდა და მიაშურა კარებს გასაღებად; თავმომძინერებულ თიმსალ-მაკოს გულმა დაუწყო ძგერა. მაგრამ არ განძრეულა. სახლში შემოვიდა ჩვენი ძველი ნაცნობი – გლახა ბაქრაძე, მოიხსნა სველი ნაბადი და მიაყუდა კედელზე, მოიხადა ყაბალახი, უკან ზურგისკენ გადაიგდო ფაფანაკი, თოფი იქვე მიაყუდა, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი ტანზევე გაისწორა და ღიმილით გადაეხვია მელანოს. ქალი წურბელასავით ჩამოეკიდა კისერზე; დიდხანს შეტყუბებულსავით იყვნენ თავდავიწყებული… ახალმოსულს უცბად ხვრინი შემოესმა და შეკრთა. – ნუ გეშინია, ჩემო სიცოცხლევ, ჩემი ნათლია არის, ტერტერას ქვრივი, ხაშხაშნაჭამია და სძინავს. შენს მტერს ნუ-რა გაუგია, მაგან ვერა გაიგოს რაო. – უამბო ყველაფერი, მაგრამ ვაჟი მაინც იჭვნეულად აქნევდა თავს. თავის სიმართლის დასამტკიცებლად მელანომ ჯინჯგალი დაუწყო მძინარს, ხან ფეხებში მოავლო ხელი, ხან თავი აუწია: ბევრი აცოდვილა, მაგრამ ვერ გამოაღვიძა. ერთხელ კი წაიჭუჭყუნა მძინარმა და ამოუშვა ისევ ხვრინი. – დაეხსენ, ნუ აწვალებ! – მიაძახა ბაქრაძემ. – სანამ ეგ გამოიღვიძებდეს, მე აქედან შორს ვიქნებიო! – მიუჯდა სუფრას და საყვარელიც გვერდში მოისვა. დიდხანს იჭიკჭიკეს ისე, როგორც შეყვარებულთა რიგია; სხვათა შორის, ქალმა ჰკითხა: „ბაში-აჩუკს რად გეძახიანო?“ და ვაჟმაც მიუგო: „ეს აქ დამარქვეს თათრებმაო: ფაფანაკით რომ მხედავენ, უქუდო ვგონივარ, თავმოხდილი, და მათებურად ბაში-აჩუკი თავმოხდილსა ნიშნავსო“. ამისთანა ამბები ილაპარაკეს ვახშამზე; ბაში-აჩუკმა ერთი კვირის, როგორც თავისი, ისე თავისი ამხანაგების თავგადასავალი დაწვრილებით უამბო მეგობარს; ნავახშმევს ცოტა მოიალერსეს… მეორე მამლის ყივილზე ვაჟი გამოესალმა ქალს, უთხრა: „დღეისწორამდის ნუღარ მელიო“ და გაუდგა გზას. ტერტერას ქვრივს ერთი სიტყვაც მათი ნალაპარაკევი არ გამოჰპარვია, მაგრამ დილას კარგაძალზე იყო ამოსული მზე, რომ გამოეღვიძა და ისე წამოდგა, თითქო წუხელი სიზმარიც არ ენახოსო, გამოეთხოვა ნათლიდედას და გაუდგა გზას.