გთხოვთ.. როგორ მოვიქცე???

გთხოვთ.. როგორ მოვიქცე???

კითხვა N1001479 13 პასუხი

ამ წერილს 18 წლის გოგო გწერთ. ჩემს პრობლემას უცხო ადამიანებს თუ გავუზიარებ მხოლოდ. 

 გამიმართლა, რომ ცხოვრებაში მეგობრობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მყავს უსაყვარლესი დაქალი, რომელსაც პირველი კლასიდან ვიცნობ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენი მშობლებიც მეგობრობენ. გულწრფელად ვიტყვი, ყველაფერი მირჩევნია მის განაწყენებას. ჩემთვის დასავითაა. 

 უდარდელი დღეების მანძილზე პრობლემა მაშინ დადგა, როცა ჩემი და ჩემი დაქალის პირველი სიყვარული ერთი და იგივე ბიჭი შეიქნა.

ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მე და ჩემი დაქალი თბილისიდან ჩემს აგარაკზე წავედით დასასვენებლად. იქ ბიჭი გავიცანით და დავუმეგობრდით. მე პირადად თავიდან უცნაურ ადამიანად მეჩვენა. ხან მაგრად იცინოდა და მერე უცბად დასერიოზულდებოდა. საბოლოოდ მაინც ჩავთვალე რომ საყვარელი, საინტერესო და კეთილი პიროვნება იყო.  ძალიან სიმპათიურიც. მიუხედავად იმისა რომ გოგოები უახლოესი დაქალები ვართ, მაინც ვერ გამოვუტყდი, ეგ ბიჭი მომწონს-მეთქი. თვითონ კი სულ იმას გაიძახდა ბიჭზე, ატანა მიჭირს მისიო. სული მეხუთება მასთანო. განსხვავებით მისგან, მე კი ვიგრძენი, რომ სამ დღეში შემიყვარდა. როდესაც მის თვალებს ვუყურებდი ,როდესაც მის ღიმილს ვხედავდი, ან უბრალოდ როდესაც ვხედავდი ამოუხსნელი გრძნობა მეუფლებოდა. თანაც მეგონა რომ ჩემს დაქალს მართლაც ეჯავრებოდა ჩვენი აგარაკელი მეგობარი, ამიტომაც გადავწყვიტე, მეტად დავახლოებოდი ჩემს საყვარელ ადამიანს. თუმცა ის როგორც გოგოს ყურადღებას არ მაქცევდა. ძალიან გულჩათხრობილი გახდა. აღარც მისმენდა. ასევე ექცეოდა ჩემს მეგობარს. 

 მაშინ როცა დაქალი ჩემთან გამოტყდა რომ შეყვარებული იყო ბიჭზე, რომელსაც თითქოსდა ვერ იტანდა, უკვე თბილისში ვიყავით დაბრუნებულები სამივე. ეს რომ გავიგე, გულზე ლოდი დამაწვა მაგრამ მეორეს მხრივ, ერთი წამითაც არ მიფიქრია დაქალზე ხელის შეშლა. მან მითხრა, რომ ყურებამდე უყვარდა ეს ბიჭი თუმცა სინამდვილეში იმაზე ბრაზობდა რომ ეს ცალმხრივი გრძნობა იყო და თავისი საყვარელი ადამიანი მის მესიჯებსაც კი არ პასუხობდა. ვამხნევებდი დროს მინდობოდა. 

 მალე დაქალის დაბადების დღე მოახლოვდა. გამომიცხადა,რომ თუ სახლში გამართულ წვეულებაზე მისი საყვარელი ბიჭიც არ მივიდოდა, თავს მოიკლავდა. მივხვდი რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ იყო ბოლომდე გაწონასწორებული. ნუ სულელობ-მეთქი ვეუბნებოდი. ის კი თავისას გაიძახდა. მაშინ ასეთი რამ მოვიფიქრე: ბიჭის ფეისბუქზე შევედით და ვნახეთ, საერთო მეგობრები ხომ არ გვყავდა სოციალურ ქსელში. მართლაც აღმოჩნდა ასე, რადგან ვნახეთ, ჩემი უმცროსი დის კლასელი რომელიც ჩემი და ჩემი დაქალის სკოლელიცაა, ჰყავდა მეგობრების სიაში. ამ გოგოს შორიდან ვიცნობთ მეც და ჩემი დაქალიც. ჩვენმა იუბილარმა ამ გოგოს დაუმესიჯა და დაბადების დღეზე დაპატიჟა. თან შეეკითხა, საერთო მეგობარი ბიჭი რომ გვყავს ქსელში, ეგ შენი ვინ არისო. იმ გოგომ უპასუხა, ბიძაშვილიაო. ჩემს მეგობარს ძალიან გაუხარდა და უთხრა, აუცილებლად წამოიყვანე, კარგად ვიცნობ უკვეო.  

წვეულებაზე მართლაც მოვიდნენ ორივე. ძალიან კარგ გუნებაზე. ბევრს ხუმრობდა და იცინოდა. ვცდილობდი რომ სხვა თვალით აღარ შემეხედა. არ ვაქცევდი ყურადღებას. ჩემი მეგობარი უზომოდ გახარებული იყო, გვერდიდან არ შორდებოდა. თუმცა იმ დღეს ცუდი ამბავი გავიგეთ. ანუ ჩვენი სკოლელი გოგო ცალკე ჩვენთან საუბრისას გამოტყდა, ჩემი ბიძაშვილი ნარკომანი არისო. თქვა, მემგონი ახლაც წამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებაო. ძალიან მეტკინა გული, ისევე როგორც მეგობარს. ამაზე ბევრი ვიფიქრეთ. 

 და მეორე დღეს ატირებულმა გამომიცხადა, რომ ამ ჯოჯოხეთიდან თავად დააღწევინებდა თავს საყვარელ ადამიანს. ჩაიციკლა, ამ სენისგან განვკურნავო. ვკითხე ამას როგორ გააკეთებდა. მიპასუხა , მისი მისამართი გავიგე, ცალკე ცხოვრობს, მარტო, სახლში მივაკითხავ, წამოყოლა არ მინდაო. ვერ აღვწერ, მეც როგორ მინდოდა იგივე, თუმცა არ შემეძლო. დაქალს გადაწყვეტილება მოვუწონე და მხარი ავუბი. 

  გადიოდა დღეები და დაქალი დიდად არაფერს მიყვებოდა. უბრალოდ ვიცოდი რომ ესაუბრებოდა თითქმის ყოველდღე. ერთ დღეს გამომიცხადა, ჩემს ბიჭს სიყვარულში გამოვუტყდიო. ის კი ჩამეხუტა, მაკოცა, თან დამპირდა, რომ ნარკოტიკს შეეშვებოდაო. გამიკვირდა მათი ურთიერთობის ასეთი უეცარი ცვლილება, მაგრამ ვეცადე გულწრფელად გამეხარა მათი ერთად ყოფნით. მეგობარს გადავეხვიე და მივულოცე. 

 მას შემდეგ სულ ერთად იყვნენ. მეც ხშირად მეპატიჟებოდნენ.თითქმის სულ ერთად ვერთობოდით. ვუყურებდი მათ ჩახუტებულებს, ხელჩაკიდებულებს და ნელ-ნელა ვივიწყებდი ამ ბიჭს. თან მიხაროდა ფხიზელს რომ ვხედავდი. 

 ჩემთვის კოშმარი დაიწყო როცა ერთ დღესაც, საღამოს ჩემმა დაქალმა ანერვიულებულმა დამირეკა და მითხრა, რომ უამრავჯერ დაურეკა და მიწერა შეყვარებულს, მაგრამ პასუხი არ მიუვიდა. მთხოვა, წამომყევი, გული ცუდს მიგრძნობს და გზაში თუ ცუდად გავხდი ნერვიულობისგან, შენ დამეხმარებიო. რა თქმა უნდა, უცბად გავვარდი სახლიდან, წავედით და იქ მისულებს საშინელი სანახაობა დაგვხვდა.  იატაკზე გათიშული იწვა, ზემოქმედების ქვეშ იყო და გონს ვერ მოგვყავდა. ძალიან შემეშინდა. დაქალი ტიროდა, სასწრაფო გამოიძახა. ექიმები რომ მოვიდნენ და გაყავდათ ბიჭი, დაქალმა მითხრა, მე სასწრაფოს გავყვები, შენ კი შპრიცი და სხვა ძირს დაყრილი ნივთები აალაგე, რადგან აქ მოსულმა დედ-მამამ არ უნდა შეიტყონ რომ მათი ბიჭი ნარკომანიაო. მერე დააყოლა, მე თავი არ მაქვს და ამის ბიძაშვილს შენ დაურეკე და შეატყობინე, გონებადაკარგული რომ საადმყოფოში მიგვყავსო. ავალაგე და ჩემს მობილურს დავუწყე ძებნა, მაგრამ აღმოჩნდა რომ სიჩქარეში სახლიდან არც წამომიღია. ის იყო გავდიოდი, როცა სავარძლის ქვეშ შეგდებული ტელეფონი დავინახე. ავიღე, უბრალოდ დასარეკად ,მაგრამ როცა მთავარ ეკრანს დავხედე, თვალებს არ დავუჯერე, მასზე ჩემი ფოტო ეყენა. მეგონა მელანდებოდა, რადგან ვერ მივხვდი, იქ ჩემს სურათს რა უნდოდა. ვჩქარობდი.მობილურს პაროლი არ ედო, ამიტომაც შუა ღილაკს დავაჭირე და პირდაპირ ფეისბუქ მესინჯერი და გახსნილი ჩათი ამომიგდო. გავოცდი როცა ვნახე, რომ თავისივე ექაუნთზე ჰქონდა გაგზავნილი უამრავი ნახატი გოგონას გამოსახულებით. აშკარად მივხვდი, ეს გოგო მე ვიყავი. საკუთარ თავი ვიცანი მათზე . ნახატებს კაბებიც კი ზუსტად ისეთი ეცვათ როგორებიც მე ჩამიცვამს. ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე. გონება ამერია. ანერვიულებულმა, მობილური ისევ ძირს დავტოვე და კლინიკაში გავიქეცი. 

 მადლობა ღმერთს, გადარჩა , ახლა უკეთაა და ცდილობს საბოლოოდ დაამარცხოს საშინელი სენი ბიჭმა, რომელმაც საგონებელში ჩამაგდო. ვერაფერს ვეკითხები. არც ვაპირებ, რადგან პასუხის მეშინია. რომ მითხრას, რომ ვუყვარვარ? მაგრამ ის ხომ ჩემს დასთან ერთადაა ახლაც. არც კი ვიცი რა ხდება, იქნებ უბრალოდ, უმიზეზოდ მხატავდა და ჩემი ფოტოც ამიტომ დასჭირდა მთავარ ეკრანზე დაეყენებინა. სისულელეს ვამბობ? ძალიან ავირიე. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.